მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება - მთავრობა

რეგულირება

დღეს მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე - ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ასევე იმსჯელეს 75 დევნილი ოჯახისთვის (196 პირი) საერთო სარგებლობაში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. გადასაცემი ქონება თბილისსა და დაბა წყნეთში მდებარეობს. საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი უპირველესია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება, რომ არცერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები