მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები, როდესაც ქალაქ ქუინსში საჩოგბურთო კორტს იკავებენ ისინი 75 მილიონიანი საპრიზო ფონდისთვის იბრძვიან, რაც ყველაზე დიდი თანხაა საჩოგბურთო ღონისძიებებს შორის. მეტიც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, უიმბლდონს წელს 10 მილიონი დოლარითაც კი აღემატებოდა.
ბილი ჯინ კინგის ეროვნულ საჩოგბურთო კორტზე უბრალოდ თამაშიც კი ექვსნიშნა ანაზღაურებითაა შეფასებული. მაგალითისთვის თუკი ჩოგბურთელი პირველივე რაუნდში გამოეთიშება ასპარეზობას 100 ათას დოლარს იღებს, რაც შარშანდელ შედეგთან შედარებით 23%-ით გაზრდილი რიცხვია, ხოლო 2019 წლის ფონდისგან განსხვავებით 72%-იან ზრდაა, როდესაც მხოლოდ რეიტინგის სათავესთან ახლოს მყოფ ტოპ ჩოგბურთელებს ჰქონდათ გარანტირებული 58 ათასი დოლარი.
ტურნირის მთავარ ჯილდოს კომპანია Tiffany & Co დაახლოებით 5 თვეში ამზადებს, რომლის წონაც 3 კილოგრამს მცირედით აღემატება. ტიტული როუდ აილენდის ქალაქ ნიუპორტში ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში ინახება, მაგრამ ჩემპიონებს 1987 წლიდან ტიტულის რეპლიკა ვერსიას აძლევენ.
17 ჰექტარ მიწაზე გაშენებულ ბილი ჯინის საერთაშორისო საჩოგბურთო ცენტრზე ზუსტად 17 კორტია განთავსებული, საიდანაც 16 უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოიყენება. პლუს ცენტრში 5 სავარჯიშო მოედანსა და ერთ გარე პრაქტიკის ადგილსაც შეხვდებით.
გასულ წელს ჩემპიონატის სპონსორთა რაოდენობა თუკი 24-ს შეადგენდა წელს რიცხვი 25-მდეა გაზრდილი. სპონსორებს შორის ვაშინგტონური ტურისტული კომპანია “Destination DC” არის წლევანდელი ნამატი.
არტურ ეშის სახელობის მოედანზე, სადაც იმართება ღია პირველობის ფინალური შეხვედრა, 31 კამერა არის განლაგებული, სადაც ასევე 25 საკომენტატორო ჯიხურსაც ვხვდებით. ბილი ჯინის საჩოგბურთო ცენტრზე 7 რესტორანია, 688 საპირფარეშო და 28 სუვენირების თუ მერჩენდაიზების მაღაზია.
ამავე მოედანზე ჯამში 23 859 ადამიანი ეტევა, რითაც მსოფლიოს უდიდესი საჩოგბურთო კორტის ტიტულს ატარებს. კორტის უმაღლესი მწვერვალი მოედნიდან დაახლოებით 32 მეტრითაა დაშორებული. მოედნის სიდიდე უკეთ, რომ გაიაზროთ გეტყვით იმასაც, რომ ცენტრში არსებული მეორე უდიდესი “ლუის არმსტრონგის” სახელობის კორტი 14 ათას ადამიანს იტევს და იგივე ზომისაა, რამხელაც როლანდ გაროსის, ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის მთავარი მოედნები, რომლებზეც საშუალოდ 15 ათასამდე ადამიანი ეტევა.
ტურნირი 18 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და სულ 894 მატჩი იმართება, რაშიც შედის საკვალიფიკაციო თამაშები და ახალგაზრდული ჭაბუკებისა და გოგონების ღონისძიებები. მაგალითისთვის 2023 წელს ამერიკის ღია პირველობაზე 65 ქვეყნიდან 910 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ამერიკის ღია პირველობის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი კომპანია “Wilson-ია”, რომელიც ჩემპიონატისთვის ბურთებს ამზადებს. წლევანდელი გათამაშებისთვის დამზადებული ბურთების რაოდენობამ კი 100 ათასს გადააჭარბა. ქალები და მამაკაცები ზუსტად ანალოგიურ ბურთებს იყენებენ, თუმცა როგორც ამბობენ მამაკაცთა ბურთები შედარებით მკვრივია.
უკვე 18 წელია ღონისძიების პარტნიორია კომპანია “Grey Goose-ი”, რომელიც განსაკუთრებულ ჭიქებში ჩამოსხმულ სპეციალურ კოქტეილს სთავაზობს მაყურებელს. სასმელის სახელწოდებაა “Honey Duce”, რომელიც ტურნირის მიმდინარეობისას 28 აგვისტოდან - 8 სექტემბრის ჩათვლით 453 ათასამდე გაიყიდა, თითოეულის ღირებულება 22 დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანობაში დაახლოებით 10 მილიონ დოლარს შეადგენს. კოქტეილის შემადგენლობაში არაყი, ჟოლოს ლიქიორი, ლიმონათი და ნესვის სამი ბურთულა შედის. 2022 წელთან შედარებით Honey Duce-ის გაყიდვების რაოდენობა 12%-ითაა გაზრდილი, რის გამოც ორგანიზატორებს სპეციალური სტენდების დამატება მოუწიათ.
მთლიანობაში ღონისძიებას 800 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რაც 2%-ით მომატებული მაჩვენებელია 2022 წლის მონაცემთან მიმართებაში. ამასთანავე გულშემატკივრების კვირაზე 157 ათასზე მეტი ადამიანი გამოცხადდა, რაც 41%-ით მომატებული შედეგია.
ეტლით მოთამაშე ჩოგბურთელებისთვის აშშ-ს ჩოგბურთის ასოციაციამ დაახლოებით 1,3 მილიონიანი გრანტი გამოყო. ინიციატივის წინაპირობა კი პარალიმპიური თამაშები გახდა, რომლის გამოც სპორტსმენებმა ამერიკის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზეს და აშშ-ს საჩოგბურთო ასოციაციამ მსგავსი მოქმედებით გადაწყვიტა იმ ათლეტებისთვის, რომლებსაც ღონისძიებაზე მონაწილეობა უნდა მიეღოთ, ფულადი კომპენსაციის გადახდა.
2019 წელს ჩემპიონები 3,85 მილიონ დოლარს იღებდნენ, ხოლო კოვიდის შემდეგ საპრიზო ფონდი მნიშვნელოვნად დაეცა. ამგვარად 2021 წელს თანხამ 2,5 მილიონი დოლარი, ხოლო 2023 წელს კი 3 მილიონი დოლარი შეადგინა. საპრიზო ფონდი წლიდან წლამდე უწინდელ ნიშნულს უბრუნდება, რადგან 2024 წლის ტურნირზე ჩემპიონებმა 3,6 მილიონი დოლარი მიიღეს. ამაზე დიდ ფინანსურ შემოსავალს, დაახლოებით 4,8 მილიონ დოლარს ჩოგბურთელები მხოლოდ ATP-ის ფინალის დროს გამოიმუშავებენ, როცა წაუგებლად ასრულებენ სეზონს. აშშ-ის ღია პირველობაზე ყველა მოთამაშე ასევე იღებს 1000 დოლარს საჰაერო მოგზაურობის ვაუჩერებში და დამატებით 600 დოლარამდე დღეში საცხოვრებლისთვის.
ამერიკის საჩოგბურთო ასოციაციის მიხედვით გასულ წელს ტურნირის გასავალმა 200 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო შემოსავალმა 514 მილიონი შეადგინა. მაღალი ალბათობით წლევანდელი ღონისძიება ორივე ზემოთ მოცემულ რიცხვს გადააჭარბებდა მაყურებლების დასწრებადობიდან და სპონსორთა რაოდენობის გაზრდიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი მამაკაცთა შორის იანიკ სინერი, ხოლო ქალთა თანრიგში არინა საბალენკა გახდა.