მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ბიუჯეტი 519 მილიონით იზრდება - რომელ სამინისტროს რა თანხა დაემატება

ირაკლი კობახიძე პარლამენტში

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ამჟამად 25 მილიარდი ლარია, 500 მილიონი ლარი ემატება, ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტად 115 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მოიმატებს და ის 7.8 მილიარდი ლარის ნაცვლად 7.9 მილიარდი ლარი გახდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.4 მილიარდი ლარიდან 1.5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

ასევე 102 მილიონი ლარით გაიზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი საბიუჯეტო ტრანსფერი, ხოლო სტიქიების სალიკვიდაციო ფონდის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით შეივსება.

"115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი დაემატება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შსს-ს, 10 მილიონი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 6 მილიონი დაემატება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცესკოს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფონდი, ხოლო მუნიციპალიტეტებს დამატებით 102 მილიონი ლარი გადაეცემათ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ გაუსაჯაროებია, შესაბამისად, უცნობია, როგორ შეიცვლება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი და რომელი გადასახადების მობილიზების მატებით ელის ფინანსთა სამინისტრო ამ მატებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები