მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მთავრობაც გაზრდის - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის - ამის შესახებ ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან სუბირ ლალთან და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სუბირ ლალის განცხადებით, ფონდი წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. სუბირ ლალის განმარტებით, სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორების, მათ შორის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ზრდის მოლოდინები გააუმჯობესა. განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს უახლოეს მომავალში გადახედავს და ის სავარაუდოდ 5.7%-მდე გაიზრდება.

"2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წარვადგინეთ 2023 წლის ბოლოს და ეს მოხდა 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ჩვენ მაშინ განვსაზღვრეთ რომ საპროგნოზო ზრდა იქნებოდა 5.2%, თუმცა მივუთითეთ, რომ ამ მაჩვენებელს გადავხედავდით.

შესაბამისად, იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ფინანსთა სამინისტროც ზრდის მიმართულებით გადახედავს და ეს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოხდება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მთავრობის არსებული პროგნოზით, რაც 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ეფუძნება 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზომა მიმდინარე ფასებში 86 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, ზრდის პროგნოზის განახლებასთან ერთად ეკონომიკის მოსალოდნელი ზომაც გაიზრდება და ის სავარაუდოდ 87 მილიარდ ლარს დაუახლოვდება.

IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, სომხეთის 4.7%-ით, აზერბაიჯანის 2.4%-ით, რუსეთის კი 1.3%-ით. გარდა ამისა, IMF წელს უკრაინის ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები