კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით შემცირდა და 20 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 17.9 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 17.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის II კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. 2.8 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით შემცირდა როგორც „მთავარი არხის“, ისე „პოსტვ“-ის შემოსავლები, რომელიც „მთავარი არხის“ შემთხვევაში 1.9 მილიონს, „პოსტვ“-ის შემთხვევაში კი - 1.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. 1.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.4 მილიონი ლარით შემცირდა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი და 2024 წლის II კვარტალში სულ 1 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უცვლელი დარჩა „ბი ემ ჯი“-ისა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემოსავლები, რომელმაც 0.9 მილიონი და 0.6 მილიონი ლარი შეადგინეს. რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, წინა წელთან შედარებით მათი შემოსავალი 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.6 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონით გაიზარდა ასევე „სილქნეტის“ კომერციული სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც 2024 წლის II კვარტალში 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2024 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 91%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 8%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.