მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

აქცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში, რომელსაც BMG-მ მოუყარა თავი.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს უფლებების შეზღუდვისა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძირის გამოთხრისთვის ფინანსური სანქციები დაუწესა

2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც რუსეთის სანქციების პაკეტიდან განხორციელდა. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ივანიშვილის ქმედებები, რაც საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაში გამოიხატა, ასევე ივანიშვილის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზისთვის ძირის გამოთხრაში მდგომარეობდა, რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებებს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდა. სანქცირების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სანქცირება შეეხება ივანიშვილის მიერ სინგაპურში მოგებულ დავასაც, რომლის ფარგლებში მისაღები 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის განკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის ლიცენზიას გასცემს.

2024 წლის განმავლობაში აშშ-მა გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ასევე ფინანსური სანქციები დაუწესდა გდდ დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხაზარიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძესაც. აშშ-მა გასული წლის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათი ოჯახის წევრებსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს სავიზო სანქციები დაუწესა.

2024 წელს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შეჩერებაც მოახდინა.

2024 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო მოელის რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 9% იქნება. აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, წელს საქართველოს მშპ-ის ზომა 90.9 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო 2025 წელს კი ის 99.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, 2025 წლისთვის მთავრობა ქვეყანაში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ანალოგიურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზიც, რომელიც საქართველოში 6%-იან ზრდას მოელის.

2024 წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა

2024 წლის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა. თუკი 2024 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.68 ლარი ღირდა, ამჟამად ის 2.80 ლარი ღირს. დოლარისგან განსხვავებით ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებით, რადგანაც პირველ იანვარს ერთი ევრო 2.97 ლარი ღირდა, ხოლო ამჟამად მისი ფასი 2.93 ლარია. ამის მიზეზი დოლართან მიმართებით თავად ევროს 6%-იანი გაუფასურებაა მიმდინარე წლის განმავლობაში.

2024 წლის განმავლობაში ლარს გაუფასურების ორი ტალღა ჰქონდა, ორივე პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული - პირველი გაზაფხულზე, რაც ქართული ოცნების პარლამენტის მიერ რუსული კანონის დაბრუნებას მოჰყვა. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარამდეც გაიზარდა, თუმცა შემდგომში ზაფხულის თვეებში მისი კურსი კვლავ 2.70-ის მიდამოს დაუბრუნდა. გაუფასურების მეორე ტალღა დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, რაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა ევროკავშირთან 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ.

2024 წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა

2024 წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $1 მილიარდი დოლარით, 4.1 მილიარდამდე შემცირდა. ამ კლების მთავარი მდგენელი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნოდ მსხვილი ინტერვენციების განხორციელება იყო, რამაც სექტემბერ-ოქტომბერში 700 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ 2024 წლის განმავლობაში სებ-მა პირდაპირი ინტერვენციებისა და Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციებით გაყიდა 917 მილიონი დოლარი და იყიდა 454 მილიონი დოლარი, რაც 463 მილიონი დოლარის წმინდა გაყიდვებს ნიშნავს.

ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს სავალუტო რეზერვებში ოქრო დაამატა

2024 წლის მარტ-აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა, რომელიც შემდგომში საქართველოში დასაწყობდა. გასული წლის განმავლობაში ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, რისი გათვალისწინებით სავალუტო რეზერვებში არსებული ოქრო იმაზე 100 მილიონი დოლარით მეტი ღირს, ვიდრე შეძენის დროს ღირდა.

მონეტარული ოქროს გარდა, წელს სებ-მა ოქროს სერტიფიკატებითა და ოქროს ზოდებით ვაჭრობაც, სებ-მა ამ გზით ადგილობრივ ბაზარზე 45 მილიონ დოლარის ღირებულების ზოდები გაყიდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად მთავრობამ ჩინური კონსორციუმი CCCC შეარჩია

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის მაისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC დაასახელა, რომელიც იყო ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს სრული საინვესტიციო წინადადება წარუდგინა, რადგანაც კონკურსის საბოლოო ეტაპზე მყოფმა MSC-ის შვილობილმა TiL-მა წინადადება არ წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე უპირატეს პრეტედენტად სწორედ CCCC დასახელდა, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო 2020 წლიდან აშშ-ის მიერ არის სანქცირებული და ამერიკულ კომპანიებს მასთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან ამჟამად საინვესტიციო წინადადების დაზუსტების სამუშაოები მიმდინარეობს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდეს. ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიაში პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები, რომლისთვისაც მიმდინარე წლის აგვისტოში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავეს პროგრესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.

საქართველომ თურქულ კომპანია ENKA-სთან ნამახვანჰესზე $383-მილიონიანი დავა წააგო

საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამახვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია 383.2 მილიონი დოლარია, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს.

Enka Renewables, რომელიც კომპანია ENKA-ს შვილობილია, 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონი დოლარი იყო. BMG-ის კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დავას გააგრძელებს და შესაძლოა გადასახდელი კომპენსაცია 200 მილიონ დოლარამდე შემცირდეს.

"დავა გრძელდება და დავას აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ 300 მილიონიდან 200 მილიონი უკვე განხორციელებული ინვესტიციაა და სახელმწიფო არ იზარალებს ამ თანხას. რა თქმა უნდა გინდა 100 მილიონი იყოს და გინდ 10 მილიონი, ეს არის სერიოზული ზიანი", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში FDI შემცირდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ კომპანიებში განხორციელდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს ინვესტორთა პირველ ათეულში შესული კომპანიები საქართველოში არაერთი წელია საქმიანობენ. სიაში მხოლოდ ერთი ახალი კომპანიაა - "თბილის დრაი პორტი", რომელიც თბილისთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობით არის დაკავებული.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუარესა

2024 წლის დეკემბერში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს ეს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის რიგით უკვე მეორე ცვლილება იყო, რადგანაც ზაფხულში Fitch-მა რეიტინგის პროგნოზი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა.

ბიზნესის ინიციატივა - Freebusiness.ge

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერის მიერ საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების არ გახსნის საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი პროტესტანტების დარბევას, უკანონო დაკავებებსა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ბიზნესის მხრიდან მოჰყვა ინიციატივა Freebusiness.ge, რომელიც წარმოადგენს პეტიციას ბიზნესის მხრიდან იმის თაობაზე, რომ არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსვლისთვის ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ესაჭიროება. ამ ინიციატივას სულ 2,421 ბიზნესი მიუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები