ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, შარშან წლის ბოლოს – 2023 წლის დეკემბერი – ეს არის ჯერ–ჯერობით ბოლო მონაცემები – გლობალურად კოვიდ–19–ის შემთხვევები 52%–ით იყო გაზრდილი, ხოლო კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები 8%–ით იყო შემცირებული.
რიცხვებში ეს სურათი ასე გამოიყურება: 772 მილიონი დადასტურებული შემთხვევა და 7 მილიონი გარდაცვალება. მართალია ზუსტი რიცხვები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა 5 იანვარს განაცხადა, რომ COVID-19-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მატულობს და სავარაუდოდ, ტენდენცია არდადეგების შემდეგაც გაგრძელდება.
“დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და მოიძიეთ დახმარება, როცა საჭიროა. COVID-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი. გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ” – ეს არის ამონარიდი გებრეისუსის მიმართვიდან.
სეზონური ვირუსები საქართველოშიც აქტიურად ცირკულირებს. ყველაზე ხშირად გვესმის ე.წ. ღორის გრიპის შესახებ, რომელიც H1N1-ისა და H3N2-ის სახელებით არის ცნობილი. კოვიდ–19–ის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად უკვე კარგა ხანია აღარ ქვეყნდება – შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, თუ როგორია ზუსტი სურათი კონკრეტულად ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში. როგორ დავიცვათ თავი და რამდენად დაგვეხმარებოდა ჩვენ, მოსახლეობას იმის ცოდნა – თუნდაც თვეში ერთხელ – თუ რა მდგომარეობაა კოვიდის თვალსაზრისით საქართველოში?
სტუმარი: ამირან გამყრელიძე - NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი