2024-მა წელმა ქართულ სპორტში ბევრი მოგონება დატოვა, იყო მარცხიც, მაგრამ ამავდროულად ისეთი გამარჯვებებიც, რომლებიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა და არასდროს დაგვავიწყდება.
ორი ქართველი ჩემპიონი UFC-ში
დავიწოთ ქართული MMA-ით, რომელიც ნამდვილად ისტორიული მასშტაბის გამოვიდა. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო და ქართველი მებრძოლები ყველამ დააფასა. წელი ტრიუმფალურად ილია თოფურიამ დაიწყო, როდესაც თებერვალში თავისი წონის ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში გათიშა, ხოლო ოქტომბერში რკინის ყბის მქონეს ლეგენდა მაქს ჰოლოუეიც შემატა დანოკაუტებულთა სიას. მერაბ დვალიშვილმა კი ჯერ თებერვალში 2008 წლის ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა, რითაც სატიტულო ბრძოლა გაიფორმა, ხოლო შემდეგ სექტემბერში შონ ო’მალიზე დომინაციით მოიპოვა ნანატრი ჩემპიონის ტიტული, რომელსაც ძალიან დიდი ხანი იმსახურებდა.
რიჩარდ ქოქერილი - საქართველოს სარაგბო ნაკრებისა და “შავი ლომის” ახალი მთავარი მწვრთნელი
"ბორჯღალოსნების" ისტორიაში, რიჩარდ ქოქრილი მე-6 უცხოელი სპეციალისტია და მისთვის საქართველო პირველი ეროვნული ნაკრებია. საკლუბო დონეზე კი 54 წლის სპეციალისტს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა დროს მას ტულონის, ედინბურგის და მონპელიეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია. ის ასევე იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელი და 2022 წელს დროებითი მთავარი მწვრთნელი. საქართველოს რაგბის კავშირსა და რიჩარდ ქოქრილს შორის კონტრაქტი 1+3 სისტემით გაფორმდა და "ბორჯღალოსნებთან" ერთად ის შავი ლომის მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა, რომელიც ევროპის ჩელენჯ თასზე ასპარეზობს. ინგლისელმა სამწვრთნელო შტაბი ირლანდიელი, ავსტრალიელი, სამხრეთ აფრიკელი, ინგლისელი და ქართველი სპეციალისტებით დააკომპლექტა. რიჩარდ ქოქრილმა 4-წლიან ციკლში ახალგაზრდა მორაგბეების აღმოჩენა და 2027 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გასვლა დაისახა მიზნად.
ალეკსანდარ ჯიკიჩი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელი
ილიას ზუროსის წარმატებული 8 წლიანი ციკლის შემდეგ გამოჩნდა, რომ სისტემა განახლებას მოითხოვდა. რამდენიმე თვიანი ძიების შედეგად კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერბი ალეკსანდარ ჯიკიჩი დაინიშნა, რომელიც 2023 წელს ისრაელის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღებენ.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე
ეს ცალსახად წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. ერთა ლიგის ფორმატის წყალობით საქართველოს ნაკრებმა პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. ქვეყანაში დასადგურებული სიხარული თვალებიდან მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთ ქართველს არ ამოუვა, ხოლო რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა ეს უკვე ლეგენდის მთავარი ნაწილია. ინდივიდუალურად საოცარი ტურნირი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 29 ბურთი მოიგერია და წლის საუკეთესო მეკარის წოდებაზეც იქნა წარდგენილი, 4 ბურთით საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა გიორგი მიქაუტაძე და ეს ყველაფერი პორტუგალიის 2-0 ძლევასა და ჯგუფიდან გამსვლელი მესამე ადგილის დაკავებაში გადაითარგმნა. ეს შედეგი ქართული ფეხბურთის მწვერვალია, ბავშვთა ფეხბურთში დაინტერესება არნახულ ნიშნულამდეა ასული და 18,4 მილიონით გაიზარდა მთლიანად გუნდის ღირებულება და ქომაგებს იმედი აქვთ, რომ მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ფრანგი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას 2028 წლამდე დაიკავებს.
"მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო" - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი თავკაცობით “ჯვაროსნებმა”, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა , ხოლო შემდეგ უკვე ჯგუფური ეტაპიც გადალახა.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
დიდების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გაგვახარეს პატარებმაც. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიას პენალტებში სძლია.
სერია, რომელშიც დრამატულად, საქართველოს ნაკრებმა 7:6 მოიგო, მატჩის გმირი მეკარე, ლუკა ხარატიშვილი გახდა, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში 19 ქულით დაიკავა მეორე ადგილი და მხოლოდ ნიდერლანდებს ჩამორჩა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს, როცა 2023 წელს სიკვდილის ჯგუფი გადალახეს და მეოთხედფინალში ისრაელელ თანატოლებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი პირველად გადალახა. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთში ჩატარდება.
გიორგი მამარდაშვილი 2025/26 წლების სეზონიდან “ლივერპულში” იასპარეზებს
კიდევ ერთი ქართული ამბავი უკვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გავიგეთ, რაც ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს უკავშირდება. ქართველი გოლკიპერის მიერ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ განცხადება თავად გუნდმა გაავრცელა.
"ლივერპულმა" მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. ვალენსიას მეკარე 2025-26 წლების სეზონს"ენფილდზე" გააგრძელებს", - წერს ლივერპული.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლივერპულმა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. თავად გუნდს, სატრანსფერო თანხა განცხადებაში მითითებული არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის მომენტში ქართველი მეკარე Transfermarkt-ის მონაცემებით საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში ყეველაზე ძვირდ ღირებული იყო და მისი ფასი 45 მლნ ევროს შეადგენდა.
შეთანხმების ფარგლებში მერსესაიდელებმა მამარდაშვილი “ვალენსიას” რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დატოვეს და ნისლიან ალბიონზე უკვე 2025 წლის ზაფხულში გადაბარგდება.
მიხეილ ლომთაძემ ინგლისური კლუბი, “უიკომბი უონდერერსი” შეიძინა
ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე ინგლისური უიკომბ უონდერერსის მფლობელი გახდა. კომპანია Feliciana EFL, რომელიც აქამდე უიკომბის აქციების 90%-ს ფლობდა, Blue Ocean Partners II Limited-ის მფლობელობაში გადავიდა, ეს უკანასკნელი კი სწორედ ლომთაძეს ეკუთვნის.
უიკომბ უონდერერსი ინგლისის ლიგა ერთში თამაშობს და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. Transfermarkt-ის შეფასებით, კლუბის ფეხბურთელთა ღირებულება 7,58 მილიონი ევროა.
"ჩვენი მიზანია ხანგრძლივ პროგრესს მივაღწიოთ როგორც მინდორზე, ასევე – მის მიღმა. ამისთვის, უიკომბში ფინანსურად მყარი სიტუაციაც უნდა იყოს შექმნილი. კლუბის ქომაგების, პერსონალისა და ფეხბურთელების მიმართ პასუხისმგებლობა სრულად მაქვს გათავისებული", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ლომთაძემ გაავრცელა.
48 წლის ლომთაძე ბათუმშია დაბადებული და მართალია, ყაზახეთში მოღვაწეობს, საქართველოს მოქალაქედ რჩება.
საქართველო ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე
ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარ ტურნირზე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს გუნდი 10 სახეობაში 28 სპორტსმენით იყო დაკომპლექტებული, რაც ჩვენს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. თამაშების გახსნის ცერემონიალზე მედროშეები, როგორც წინა ოლიმპიადაზეც, ამჯერადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იყვნენ.
წახალისების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფულადი ჯილდოები დააწესა იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანას მედლებს მოუპოვებდნენ. ოლიმპიური ჩემპიონი მთავრობისგან მილიონი ლარით დაჯილდოვდებოდა, ვერცხლის მედლის მფლობელი 500 ათას ლარს მიიღებდა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მე-7 ადგილზე, ხოლო ჯამში მედლების რაოდენობით მე-10 პოზიციაზე გავიდა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მედლები მოვიპოვეთ ოთხ განსხვავებულ სახეობებში ძალოსნობაში ოქრო მოიგო ლაშა ტალახაძემ, აგრეთვე ოქრო მიიღო ამჯერად ძიუდოში ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლს დასჯერდნენ ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული თავისუფალ ჭიდაობაში კარიერაში პირველად გენო პეტრიაშვილმა დაიმსახურა, ამავე დისციპლინაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა, ბოლოს კი კრივში დიდხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა ლაშა გურულმა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ.
რაც შეეხება საქართველოს პარალიმპურ გუნდს, რომელიც პარიზის 17-ე პარალიმპურ თამაშებს სპორტის 6 სახეობაში 14 პარა ათლეტით ეწვია - 9 მედალი მოიპოვა. მათ შორის, ჩემპიონობა იზეიმა ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ, ვერცხლის მედლებით დაასრულეს გამოსვლა ტყვიის სროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა და ძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძემ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს პარა ტაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა, პარა ძიუდოისტმა ინა ქალდანმა და პარა წოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოპოვებული მედლების რაოდენობით პარალიმპიური თამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი იყო ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მოპოვებული 3 ვერცხლის მედალი. ხოლო ოქროს მედალი სულაც მეორედ ავიღეთ, რადგან აქამდე 2016 წლის რიოს პარალიმპიადაზე გამარჯებული პარა ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური გახდა. საქართველოს ნაკრები 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ქვეყნების საერთო ჩათვლაში 51-ე ადგილზე გავიდა.