მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის მთავარი რისკები გლობალური ეკონომიკისთვის

ექსტრემალური ამინდი

Visual Capitalist-მა 1490 ექსპერტის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა მიმოხილვა, რომელშიც ყველა ის რისკებია გაანალიზებული რომელიც როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევები იქნება.

რისკების შეფასების სპეციალისტთა აზრით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გლობალური კრიზისის გამოწვევა შესაძლებელია უპირატესად ორი მიზეზით: პირველ ადგილზეა ექსტრემალური ამინდი, ხოლო მეორეზე - დეზინფორმაცია. ექსტრემალური ამინდი 2024 წლის ყველაზე დიდ რისკად სახელდება. დეზინფორმაცია კი 2024-2025 წლების ყველაზე მძიმე გლობალურ რისკად არის შეფასებული.

გამოკითხული ლიდერების აზრით, ექსტრემალური ამინდი მწვავე უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც მსოფლიო კვების ინდუსტრიაზე, ასევე ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან დაზიანებას გამოიწვევს. კვლევები ცხადყოფს, რომ თუ ტემპერატურის მატება კვლავ გაგრძელდება, 2030-იანი წლებისთვის, პლანეტაზე შეუქცევადი ცვლილებები გარდაუვალი იქნება.

რაც შეეხება დეზინფორმაციას, ექსპერტების პროგნოზით, უახლესი წლების განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური განხეთქილების მთავარი მიზეზი სწორედ დეზინფორმაცია იქნება. გარდა ამის, ამ გლობალურ რისკს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი რომ წელს 76 ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

დეზინფორმაციის საფრთხე განსაკუთრებით აშკარაა ხელოვნური ინტელექტის მიერ შინაარსის გენერირებაში მიღწევების გათვალისწინებით. ასევე, დეზინფორმაციას უკავშირდება, საზოგადოების პოლარიზაციის რისკიც. ექსპერტების შეფასებით, სწორედ პოლარიზაცია არის მიმდინარე წლის მესამე გლობალური რისკი. აღსანიშნავია, რომ სოციალურმა პოლარიზაციამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი პოსტპანდემიურ ეპოქაში შეიძინა, რის მიზეზადაც ექსპერტები ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და ფინანსებზე წვდომის ნაკლებობას ასახელებენ.

ამ ყველაფერთან ერთად, კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ძლიერ გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროზე და ლიბანში განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმები ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. სახელმწიფოთაშორისი შეიარაღებული კონფლიქტების ესკალაცია გლობალური ეკონომიკისთვის წელს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რისკებს შორის ხვდება.

რაც შეეხება შედარებით შორეულ პერსპექტივას. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ექსპერტები გარემოსდაცვით რისკებს გამოყოფენ. მათ შორის - ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და დედამიწის სისტემებში კრიტიკულ ცვლილებას, რაც რისკების რეიტინგში პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე კვლავ დეზინფორმაცია რჩება, მესამეზე კი - ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი შედეგებია. ექსპერტების შეფასებით, მომდევნო წლების განმავლობაში AI-მ შესაძლოა საზოგადოების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რადგან მისი, როგორც ძალის მულტიპლიკატორის როლი, არაერთ ეგზისტენციალურ რისკს წარმოშობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები