2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 315 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 115 მილიონი დოლარით ნაკლებია.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
IT სექტორის შემოსავლების მატება პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 48 ათასს მიაღწია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის ზრდის მიუხედავად, კლებულობს სექტორის ჯამური შემოსავალი, რაც ქვეყნიდან დროებით საცხოვრებლად გადმოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი IT სექტორის დასაქმებულების მიგრაციას უკავშირდება.