1. ExxonMobil x Pioneer Natural Resources
მოცულობა: $60 მლრდ
2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მსხვილი გარიგება შედგა, თუმცა მათ შორის უდიდესი ამერიკულ ენერგეტიკულ გიგანტთან, ExxonMobil-თან იყო დაკავშირებული, რომელმაც Pioneer Natural Resources-ის 100%-იანი წილი 60 მილიარდ დოლარად შეისყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბის ტრანზაქცია Exxon-ს არასოდეს არ განუხორციელებია, რაც ამ გარიგების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ამ გარიგების შედეგად ExxonMobil-ი პორტფელის გაფართოებას, ახალი საწარმოების მიღებას და ბუნებრივი რეზერვების მოცულობის გაზრდას შეძლებს.
უშუალოდ კომპანიებს რაც შეეხებათ, ExxonMobil-ი ოფიციალურად 1999 წელსაა დაფუძნებული, თუმცა ის სათავეს ჯონ როკფელერის კონგლომერატიდან იღებს და მის პირდაპირ შთამომავლად შეიძლება ჩაითვალოს. წლების განმავლობაში, Exxon-ს არაერთი კონკურენტი შეუსყიდია, თუმცა Pioneer-ის მასშტაბის გარიგება ამერიკულ ენერგეტიკულ გიგანტს არასოდეს განუხორციელებია.
Pioneer-თან მიმართებით ის უნდა ითქვას, რომ კომპანია 2.5 მილიარდ ბარელ რეზერვს ფლობს, რაც მის მთავარ აქტივს წარმოადგენს და მის $60-მილიარდიან შეფასებასაც სწორედ ეს განაპირობებს.
2. Chevron x Hess Corporation
მოცულობა: $53 მლრდ
წლის რიგით მეორე უმსხვილესი გარიგება ასევე ენერგეტიკულ სექტორთან არის დაკავშირებული. ამერიკულმა Chevron-მა 2024 წელს 53 მილიარდ დოლარად Hess Corporation-ის შესყიდვა გადაწყვიტა, რაც ენერგეტიკული კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული უდიდესი ტრანზაქცია იყო.
ამ გარიგების შედეგად, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს. გარდა ამისა, Hess-ის მფლობელობაში 1.5 მილიარდი ბარელის მოცულობის სანავთობო რეზერვია და ათობით ქარხანა, რომლებიც ჯამში 2,000-მდე თანამშრომელს ასაქმებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების წარმატებით დასრულებამდე საკმაოდ ხანგრძლივი საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენციის სააგენტომ მოითხოვა, რომ Hess-ის დამფუძნებელი ჯონ ჰესი Chevron-ის დირექტორთა საბჭოს არ უნდა შეერთებოდა, რაც ბიზნესმენისთვის უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას წარმოადგენდა. მართალია, ჯონ ჰესი დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს, თუმცა დირექტორთა საბჭოდან მისი მოშორება იმას ნიშნავს, რომ მას Chevron-ის მართვის პროცესზე გავლენა ვერ ექნება.
ექსპერტების შეფასებით, Chevron-ის მხრიდან $53-მილიარდიანი ტრანზაქციის განხორციელება პირდაპირ კავშირში იყო მისი მთავარი კონკურენტის, ExxonMobil-ის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც $60 მილიარდად Pioneer-ი შეისყიდა.
3. Extra Space Storage x Life Storage
მოცულობა: $47 მლრდ
2024 წლის რიგით მესამე უმსხვილესი გარიგება Extra Space Storage-ისა და Life Storage-ის შერწყმას უკავშირდება, რომლის მოცულობამ 47 მილიარდი დოლარი შეადგინა. ერთობლივი საწარმო, რომელიც ამ ორი კომპანიის შერწყმის შედეგად შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 5,000-მდე საწყობს და 4 მილიონამდე ინდივიდუალურ ობიექტს აერთიანებს, რაც მას ინდუსტრიის გიგანტად აქცევს.
შერწყმის მიზეზი საკმაოდ მარტივია, გაერთიანებამ კომპანიებს მიეცათ იმის საშუალება, რომ ბაზრის უდიდესი წილი დაეკავებინათ და ამით როგორც შემოსავლები გაეზარდათ, ასევე მარკეტინგული ხარჯები შეემცირებინათ.
დღეისათვის Extra-სა და Life-ის ერთობლივი საწარმო ამერიკაში არსებული სასაწყობო მეურნეობის 13%-ს ფლობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
4. Pfizer x Seagen
მოცულობა: $43 მლრდ
მოცულობით რიგით მეოთხე უმსხვილესი გარიგება ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის, Pfizer-ის მიერ 43 მილიარდ დოლარად ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Seagen-ის შესყიდვას უკავშირდება.
მართალია, Seagen-ის ბიზნესმოდელი ჯერაც გაუმართავია, თუმცა ექსპერტების შეფასებით, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში Seagen-ის პრეპარატს წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვს, კომპანიის ასეთი ძვირად ღირებული შეფასებაც სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.
თუკი, Seagen-ის მიერ შექმნილი წამალი მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდება, მაშინ ამ გარიგებით Pfizer-ის აქციონერები უდიდეს ფინანსურ სარგებელს მიიღებენ.
5. Mars x Kellanova
მოცულობა: $36 მლრდ
და ბოლოს, წლის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება კვების ინდუსტრიას უკავშირდება და ამ სფეროში წარმოდგენილ გიგანტს, Mars-ს, რომელმაც 36 მილიარდ დოლარად Kellanova შეისყიდა.
ეს უკანასკნელი Pringels-ს, Cheezit-ს, Pop-Tarts-ს და ათობით სხვა პროდუქტს აერთიანებს, რაც მას ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს.
რაც შეეხება Mars-ის ჰოლდინგს, მის პორტფელში პლანეტის ყველაზე მოთხოვნად ტკბილეულს შეხვდებით, მათ შორისაა: SNICKERS, M&M’S, TWIX, Milky Way, Orbit და ასამდე სხვა სახეობის პროდუქტი.
საერთო ჯამში, ამ $36-მილიარდიანი გარიგების შედეგად, Mars-ის ჰოლდინგმა კვების ინდუსტრიის ბაზარზე პოზიცია გაიმყარა და ისედაც უკიდეგანო ზომის პორტფელი კიდევ უფრო მეტად გააფართოვა.