14 ივლისს ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის უიმბლდონის ფინალია ჩანიშნული, მანამდე კი ამერიკული სპორტული გამოცემა Sportico წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგიდან ვიგებთ, რომ 2024 წლის ათმა უმდიდრესმა ჩოგბურთელმა ჯამში 241 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რომლის 34%-იც საპრიზო ფონდებია, ხოლო დანარჩენი 66%-ი რეკლამებიდან და ბონუსებით გამომუშავებული თანხები.
ფინანსური შედეგები დათვლილია 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეიტინგში არ შედის გადასახადები და აგენტებისთვის განკუთვნილი თანხები.
ათეულში ცხრა განსხვავებული ეროვნების ადამიანია, მხოლოდ ესპანეთია ისეთი სახელმწიფო, რომელიც ორჯერ არის რეიტინგში წარმოდგენილი კარლოს ალკარასისა და რაფაელ ნადალის სახით.
ამ დროისთვის სიის სათავეში სწორედ კარლოს ალკარასია 45 მილიონი დოლარით, რომელმაც წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო და 20 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ვისაც სამივე ტიპის საფარზე აქვს დიდი სლემის ტიტული მოპოვებული. გამომუშავებული 2,6 მილიონი დოლარით მისმა შემოსავლებმა 31,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რითაც მეცხრე ადგილზე გადავიდა იმ ჩოგბურთელებს შორის ვისაც ყველაზე დიდი თანხები აქვთ გამომუშავებული.
საჩოგბურთო კორტებს მიღმა მისი პორტფოლიო კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვინაიდან ისეთ ბრენდებთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული, როგორებიც: LVMH, Rolex, BMW და Calvin Klein არიან.
ალკარასის შემდეგ სიაში მეორე ადგილს ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს 38,7 მილიონი დოლარით, ამ თანხიდან 12,7 მილიონი მან უკანასკნელ ერთ წელიწადში გამოიმუშავა. ამჟამად სერბი ლეგენდა კარლოს ალკარასის მსგავსად უიმბლდონზე ასპარეზობს და გამარჯვებისთვის იბრძვის.
გამორჩეული ფაქტია ისიც, რომ სიაში 4 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია: ემა რადუკანუ (16,3 მილიონი დოლარი), ნაომი ოსაკა (16,5 მილიონი დოლარი), იგა შვიონტეკი (25,2 მილიონი დოლარი) და კოკო გაუფი (25,6 მილიონი დოლარი).
მთლიანობაში 2024 წლის ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. იგა შვიონტეკი - 25,2 მილიონი დოლარი
4. კოკო გაუფი - 25,6 მილიონი დოლარი
3. იანიკ სინერი - 25,7 მილიონი დოლარი
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 38,7 მილიონი დოლარი
1. კარლოს ალკარასი - 45 მილიონი დოლარი