მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებები - Booking.com-ის პროგნოზი

ალბანეთი

სასტუმროების, ჰოსტელებისა და ღამის გასათევი სხვა ადგილების უმსხვილესმა გლობალურმა ონლაინ პლატფორმა booking.com-მა ახალი 2024 წლის მოგზაურთა პროგნოზი გამოაქვეყნა, თუ რომელი მიმართულებები იქნება ყველაზე ტრენდული დამსვენებლებისთვის მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

Booking-ის წინასწარმეტყველება 33 ქვეყნის 27 000-ზე მეტი მოგზაურის აზრს ეფუძნება. კერძოდ, ტენდენციებზე დაკვირვებით, კომპანია ვარაუდობს, რომ 2024 წელს მოგზაურთა ქცევა შეიცვლება და თუ აქამდე ცხელ წერტილებად მზიანი და ქვიშის სანაპიროებიანი მიმართულებები იყო მიჩნეული, წელს მსოფლიოს მოსახლეობა უფრო ცივ კლიმატს ანიჭებს უპირატესობას - ამ დასკვნის მიუხედავად, 2024 წლის TOP 10 პოპულარულ დანიშნულების პუნქტს შორის უმრავლესობა თბილი კლიმატის მქონე, თუმცა მოულოდნელად უნიკალურია.

Booking-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის მთავარი სამოგზაურო მიმართულება იაპონია იქნება - კერძოდ ბეპუ, კიუშუს კუნძული. ქალაქი კუნძულის სამხრეთ ყურეშია გაშენებული და ქვეყნის ყველაზე ბუნებრივი გეოთერმული წყაროებით გამოირჩევა, რაც სპა მომსახურების მოყვარულებისთვის იდეალური დასვენების გარანტიას აჩენს. ბეპუ ყოველწლიურად უკვე იზიდავს 12 მილიონამდე ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს.

ვლორა ალბანეთის საპორტო ქვეყანაა, რომელსაც Booking-ი 2024 წლის რიგით მეორე ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად ასახელებს. ალბანეთის სახმრეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებული ზღვისპირა ქალაქი ყველა ტიპის დამსვენებელს იზიდავს, რადგან ის ქვიშიან სანაპიროებსა და ზურმუხტისფერ წყალს განსაკუთრებულად ბიუჯეტურ ფასებში გვთავაზობს. გარდა ამისა, ვლორე ისტორიული არქიტექტურითა და ადგილობრივი ზღვის პროდუქტების კერძებითაც გამოირჩევა.

იუკატანის ნახევარკუნძულზე გაშენებული მექსიკური ქალაქი - მერიდა - 2024 წლის ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორის მესამე ადგილს იკავებს. ქალაქი მაიას ტომის მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ტრადიციული კერძებითა და მათი მომზადების შემონახული მეთოდებით გამოირჩევა. თუმცა გამორჩეული სამზარეულოს გარდა, მერიდა მოგზაურებს შთამბეჭდავ არქეოლოგიურ და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც უნახავს.

ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებებში ამერიკის შეერთებული შტატებიც, კერძოდ ორეგონის შტატის უდიდესი ქალაქი - პორტლენდიც მოხვდა. მოგზაურთა 60%-ისთვის, რომლებიც ტურების დაგეგმვისას მის ეკოლოგიურ მდგრადობას ანიჭებენ უპირატესობას, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი პრიორიტეტული მიმართულებაა. ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ძეგლად კი Natural Capital Center მიიჩნევა, რომლის იატაკიც რეზინის გადამუშავებული საბურავებისგანაა დამზადებული. პორტლენდი ეკომეგობრული კაფეებითა და სკვერებითაც გამოირჩევა.

Booking-ი 2024 წლის ტენდენციად დედაქალაქების ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ ცოცხალი ქალაქების პოპულარობის ზრდას ხედავს. ნიდერლანდების ქალაქი ვალკენბურგი ზამთრის დასვენებისა და ცივი კლიმატის მოყვარულებისთვის იდეალური მიმართულებაა. მარმარილოს ბუნებრივი მღვიმეებით თუ ზღაპრულად მოწყობილი საშობაო ბაზრებით გამორჩეული ქალაქი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულების ადგილია.

Booking-ის პროგნოზით, 2024 წლის ტრენდულ მიმართულებებში ასევე მოხვდნენ:

6. ბუენოს-აირესი, არგენტინა
7. კემნიცი, გერმანია
8. როტორუა, ახალი ზელანდია
9. პანგლაო, ფილიპინები
10. კერნზი, ავსტრალია

აღსანიშნავია, რომ Booking-ის კვლევა იმ 27 730 ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება, რომლებიც მომდევნო 12 ან 24 თვის განმავლობაში საქმიანი თუ რეკრეაციული მიზეზით მოგზაურობას გეგმავენ. დანიშნულების პუნქტები კი Booking-ის პლატფორმაზე TOP 1000 ყველაზე ხშირად დაჯავშნილ მიმართულებებში 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 ივლისამდე ხვდებოდნენ - რეიტინგი კი წლიურად გაზრდილი ჯავშნების მიხედვით გამოიკვეთა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები