მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025-2026 წლებში "სამედიცინო ჰოლდინგმა" რეგიონებში ₾8 223 020-ის უძრავი ქონება შეისყიდა - პასუხი დეპუტატს

ჯანდაცვის სამინისტრო

2025-2026 წლებში ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა სხვადასხვა რეგიონში 8 223 020 ლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. ამის შესახებ ცნობილი ხდება „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვების პასუხიდან, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე აიტვირთა.

უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა საბიუჯეტო სახსრებით იყიდა:

  • კომპანია „ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრიდან“, ქუთაისში ჩხობაძის ქუჩაზე არსებული 11 876 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა 6 319 000 ლარად, ხოლო 1 229 515 ლარად მოძრავი ქონების მქონე დაწესებულება.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქონება ნარკომანიით დაავადებულ პირთა სავალდებულო მკურნალობის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე გამოისყიდეს. თუმცა საკითხის თაობაზე გამართული კონსულტაციების პროცესში აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნული მიზნებისთვის შპს „ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკის“ გამოყენებას აქვს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რის გამოც აღნიშნული დაწესებულება ვერ იქნა შერჩეული.

„კერძოდ, აღნიშნულ კლინიკაში, უშუალოდ იმავე შენობაში სავალდებულო მკურნალობის ამ ახალი და განსხვავებული პროფილის დამატება, კლინიკის ინტერესებიდან გამომდინარე, იქნება გაუმართლებელი, ვინაიდან, ძნელად თავსებადია დაწესებულების სხვა პროფილით საქმიანობასთან (გასათვალისწინებელია სავალდებულო მკურნალობის გავლის პროცესში უსაფრთხოების ნორმები, პაციენტების სრულად იზოლირების მიზანშეუწონლობა და ა.შ.). აგრეთვე საყურადღებოა, რომ შპს „ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკის“ გამოყენების შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დროსთან და მნიშვნელოვან დანახარჯებთან. ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტორი კი არის ის, რომ აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, მკურნალობის სპეციფიკა მოითხოვს განსაკუთრებული პირობებისა და უსაფრთხოების ზომების არსებობას და სახელმწიფოს მართვაში არსებულ არცერთ დაწესებულებას არ გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოცემული მიზნებისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული ცენტრი შპს „ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკასთან“ ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელს ხდის სავალდებულო მკურნალობის პროცესში მყოფ პირთა სომატური პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტასაც. დამატებით გაცნობებთ, რომ სახელმწიფოს მართვაში არსებული ინფრასტრუქტურის სიმცირე ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფოს მომავალშიც ექნება საჭიროება მისი შეძენისა ან აშენების, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ექსკლუზიური სერვისების მისაწოდებლად“, - ნათქვამია მინისტრის ხელმოწერით დეპუტატისთვის გამოგზავნილ პასუხში.

  • სამედიცინო ჰოლდინგმა ასევე სიმბოლურ ფასად 1 ლარად ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტერასა შეიძინა, რომელიც უწყების განმარტებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებშია ნაყიდი;
  • სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად კი ასევე 1 ლარად 2025 წელს - 3, ხოლო 2026 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთი ქონების პრივატიზება მოხდა. ანუ სამედიცინო ჰოლდინგმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4 ქონება - 4 ლარად იყიდა.
  • საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა „ჯეო ჰოსპიტალისგან“ 674 500 ლარად ბაკურიანში ჯამში 2 955 კვ.მ.-ის ქონება შეისყიდა. მინისტრის პასუხის მიხედვით, ეს ქონება შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ბაკურიანის სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციის ფარგლებშია შეძენილი, რათა დაბა ბაკურიანის, მიმდებარე დასახლებებისა და სეზონურად გაზრდილი ტურისტული ნაკადებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო, 24-საათიანი რეჟიმით ფუნქციონირებადი მცირე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეიქმნას.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაბა ბაკურიანის მცირე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის პროცედურა.

"გასულ წელს არცერთი კლინიკა არ გაგვიყიდია, პირიქით - შევიძინეთ"|ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ცნობისთვის, სახელმწიფომ ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2020 წელს სახელმწიფო კლინიკების მართვის მიზნით დააფუძნა და მართვაში რამდენიმე კლინიკა გადასცა. ჰოლდინგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კლინიკების მართვა ხელს უწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას. ეს დაწესებულებებია:

  1. შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;
  2. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  3. შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“;
  4. სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“;
  5. სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“;
  6. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“;
  7. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი.
  8. შპს “ქ. ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები