მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასულ წელს არცერთი კლინიკა არ გაგვიყიდია, პირიქით - შევიძინეთ"|ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ირინა წაქაძე

"გასულ წელს არცერთი კლინიკის პრივატიზება არ განგვიხორციელებია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რის შესახებაც მას კითხვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ქეთი ბაკარაძემ დაუსვა.

კერძოდ, კითხვაზე - ჯანდაცვის სამინისტროს რომელიმე სამედიცინო დაწესებულების პრივატიზება ხომ არ განუხორციელებია, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირიქით, სახელმწიფომ ქუთაისის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება შეისყიდა.

“შარშან ჩვენ კლინიკების პრივატიზება არ განგვიხორციელებია, არ გაგვიყიდია არცერთი კლინიკა, პირიქით შევიძინეთ, ქუთაისის ტუბერკულოზის მომსახურების განმახორციელებელი კლინიკა. თქვენ იცით, რომ გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაემატა კიდევ ერთი ფუნქცია, რაც ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობას გულისხმობს. ჩვენ პირველი ასეთი დაწესებულება რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავხსენით, მაგრამ მისი გამტარობა ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნას. დღეს ეს დაწესებულება სრულად დატვირთულია. მოთხოვნა იყო ძალიან დიდი და საჭირო იყო მეორე კლინიკაც მოწყობილიყო იმისთვის, რომ ადამიანებს სრული კურსი გაევლოთ. გარდა ამისა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემაც იდგა. მთელი საქართველოს მასშტაბით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ათეულ ადამიანზე გათვლილი კლინიკა ამ სერვისის სრულად მიწოდებას ვერ შეძლებდა. ამიტომ ჩვენ შევისყიდეთ ქუთაისის კლინიკა, იქ ახლა სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება ფუნქციონირებს”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მთავრობამ ქუთაისში მდებარე შპს „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ ქონების გამოსყიდვის გადაწყვეტილება გასული წლის შემოდგომაზე მიიღო. პრემიერის განკარგულებით, გადაწყვეტილება ნარკომანიით დაავადებულ პირთა სავალდებულო მკურნალობის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. მაშინ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გამოსასყიდი ქონების საერთო ღირებულება 8,008,410 ლარს არ უნდა აღმატებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში, რა დაუჯდა ბიუჯეტს კლინიკის გამოსყიდვა, უცნობია. ქონების გამოსყიდვა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ უზრუნველყო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მართვაშია.

აღნიშნული ობიექტი მოიცავს:

  • უძრავი ქონება: ქუთაისში, ჩხობაძის ქ. №20-ში მდებარე 11,876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4 შენობა-ნაგებობა.
  • მოძრავი ქონება: შენობებში არსებული სამედიცინო და საოფისე ინვენტარი, მათ შორის საწოლები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო მოწყობილობები და ტექნიკა.

შარშანდელი განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაეხარჯა 8 მილიონ 158 ათას ლარი, საიდანაც:

  • 8.008 მლნ ლარი მიმართული უნდა ყოფილიყო ქონების შესაძენად;
  • 150 ათასი ლარი კი ობიექტის დამატებითი აღჭურვისა და რეაბილიტაციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები