PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ 2025 წელს ნომინალური ხელფასის ზრდის, თუნდაც წინა წლის ტემპის შენარჩუნება, არარეალური იქნება. მეტიც ის ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში ბიზნესს ხელფასის ზრდა გაუჭირდება.
"ხელფასების ზრდა ბოლო სამ წელიწადში შთამბეჭდავია. იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი იყო 1464 ლარი თვეში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში 2218 ლარი ხელფასის პირობებში, სამ წელიწადში ნომინალური ზრდა არის 51.6%.
ბოლო სამ წელიწადში ხელფასების ზრდის ტემპი სწრაფად კლებადია მაშინ, როდესაც 2022-ის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით ზრდა იყო 21%, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალში - 15.3%, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი ჩამოვიდა 8.5%-მდე.
იმის გათვალისწინებით, რომ ზრდის ტემპის კლებაზე, არსებულ პოლიტიკური კრიზისს ჯერ არ მოუხდენია რეალური გავლენა, სავარაუდოდ, 2025 წლის განმავლობაში, ამ ეფექტის დამატებით, ნომინალური ხელფასის ზრდის თუნდაც წინა წლის ტემპის შენარჩუნება, არარეალური ჩანს.
სიტუაციას დასაქმებულებისთვის ართულებს ის გარემოება, რომ ბოლო სამ წელიწადში, ინფლაციაც დაბალი გვქონდა, ხოლო წელს, ხელფასების ზრდის ტემპის კლების პარალელურად, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ 4%-მდე გაიზრდება, რაც მაღალი ალბათობით, ხელფასების ნომინალურ ზრდის დიდ პორციას „შეჭამს“, - წერს ხიშტოვანი Facebook-ზე.
მისივე თქმით, ყველა, თუნდაც მცირე გამოხატულება უკმაყოფილების, რასაც უკვე ვხედავთ (სხვადასხვა ტიპის და ზომის გაფიცვები, კამპანიები სოციალურ ქსელებში უცხოელი დასაქმებულების წინააღმდეგ და ასე შემდეგ) და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, უფრო მეტი შეგვხვდება.
"პ.ს. ცალკე დისკუსიის საგანია, რომ პირველი - 2200 ლარის ეს არის გროსმონაცემი და დასაქმებულს ამ თანხიდან საშემოსავლო გადასახადი და ხშირად საპენსიო შენატანი ექვითება. მეორე - როცა 2200 ლარის ხელფასზე ვსაუბრობთ, მხოლოდ დაქირავებულ დასაქმებულის საშუალო ხელფასზეა საუბარი და თუ ყველა დასაქმებულს და მათ საშუალო ხელფასს ავიღებთ, მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება. მესამე - 2200 ლარი ან მეტი ხელფასი რეალურად დაქირავებით დასაქმებულების მხოლოდ 20%-ს აქვს. დაქირავებით დასაქმებულების დაახლოებით 35%-ის ხელფასი ჯერ კიდევ 1200 ლარი ან ნაკლებია", - ამბობს ხიშტოვანი.
2024 წელს საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა მაქსიმუმს 2059 ლარს მიაღწია. მაჩვენებელი მუდმივად მზარდია და 2024-ში წლიური ზრდა 292 ლარი იყო. სტატისტიკური მინიმალური ხელფასი დარიცხულ ხელფასს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ანაზღაურებას ითვლის და შესაბამისად მას 20% აკლდება.
საშუალო ხელფასის გამოსათვლელად: საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემიას-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, - იმის მიხედვით, კვარტალურია კვლევა თუ წლიური.