მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ფისკალური რისკების შეფასებისას? - გიორგი ხიშტოვანის მოსაზრება

ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებზე დაკვირვებაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ფისკალურ რისკების წინასწარი შეფასების საშუალებას იძლევა.

როგორც ის "ანალიტიკას" ეთერში განმარტავს, 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომისტები სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის სახით შემოსავლების დინამიკას უნდა დააკვირდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის იანვარში დღგ-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად, 2024 წლის იანვართან შედარებით, 7 მილიონი ლარით არის შემცირებული.

"სამ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. პირველ რიგში, ჩემი აზრით, შეფასებებისთვის სამი თვე, პირველი კვარტალი გვჭირდება აუცილებლად. ერთი თვე უბრალოდ სიგნალია, და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

მეორე, სამი თვის შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, დღგ-დან შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში არის იგივე დონეზე, რაც იყო 2024 წელს, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური სტაგნაცია, თუ არა - ეკონომიკური უკუსვლა. თუ ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა დგას ერთ ადგილას და დგას ნომინალში", - განმარტავს ხიშტოვანი.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ეკონომისტები უნდა დააკვირდნენ, ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების სახით შესული თანხების დინამიკაა.

"დავაკვირვებოდი შრომით ბაზარს. ვხედავთ, რომ საშემოსავლო გადასახადის მხრივ გვაქვს 15%-იანი ნომინალური ზრდა, წინა წლის იანვართან შედარებით. ამ დინამიკის ზრდა/კლებაზე დაკვირვება იქნებოდა შესაძლებელი, რადგან, როგორც ვიცით, ჯერ ჩერდება/ნელდება ხოლმე მოხმარება, ინვესტიციები და შემდეგ ამას აქვს ეფექტები შრომის ბაზარზე. როგორც წესი, ბიზნესები მყისიერად არ რეაგირებენ შემცირებულ გაყიდვებზე, ბრუნვაზე, არამედ ეს მოგვიანებით აისახება დასაქმებაზე.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საშემოსავლო გადასახადებიდან შემოსავლები შემცირდა, ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა შემცირდა, აქ უკვე ერთი საკითხია, რომ ეკონომიკა სტაგნაციაშია, თუ სამ თვეში იგივე სურათი გვექნება, და მეორე საკითხია, რომ შრომის ბაზარზე უკვე რეალური პრობლემები გაჩნდება. ამ ორი გარემოებიდან გამომდინარე უკვე შეიძლება დასკვნების გაკეთება, რომ ეკონომიკა უკვე ჩიხშია როგორც დასაქმების, ასევე ეკონომიკური აქტივობის კუთხით", - განმარტავს ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები