სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში დღგ-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით არის შემცირებული.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით დღგ-ს კლება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს, მაშინ როდესაც წინა წლებში დღგ-დან მიღებული შემოსავალი წლიურად მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა.
"2025 წლის იანვარში, 2024 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან შემოსავლების 1%-იანი კლება ეკონომიკური კრიზისის პირველი სიგნალია (შედარებისთვის, 2024 წლის იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან სახელმწიფო შემოსავლების 13,4%-იანი ზრდა გვქონდა; 2023-ის წლის იანვარში, 2022-ის იანვართან შედარებით, 23,5%-იანი ზრდა).
სხვა გადასახადების კატეგორიის გამოკლებით, ჯამში, ნომინალში, ამოღებული გადასახადების მხოლოდ წლიური 4%-იანი ზრდა სერიოზულად დამაფიქრებელია, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით, წლიური 15%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა,"- აღნიშნავს ხიშტოვანი.
2025 წლის იანვარში საგადასახადო შემოსავლები და მათი წლიური ცვლილება ასე ნაწილდება:
- საშემოსავლო გადასახადი - 836 მილიონი ლარი, ზრდა 17%;
- დღგ - 806 მილიონი ლარი, კლება 0.9%;
- მოგების გადასახადი - 273 მილიონი ლარი, ზრდა 17%;
- აქციზი - 110 მილიონი ლარი, კლება 38%.
2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა 20.9 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 2024 წლის შესრულებასთან შედარებით 700 მილიონი ლარით, ანუ 3.4%-ით მეტი იქნება.