ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლითაც მთავრობის ხარჯები მომდევნო წელს 1.2 მილიარდი ლარით, 32 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ხარჯების დაფინანსების უმთავრესი წყარო გადასახადები იქნება, რომლის გეგმაც 2027 წელს 2 მილიარდი ლარით, 25.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც 8.8%-იან მატებას წარმოადგენს. თავად ბიუჯეტი კი 5%-ის ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი.
2026 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 936 მილიონი ლარით დამატებული ღირებულების გეგმა იზრდება და ის 9.68 მილიარდ ლარს მიაღწევს, საშემოსავლო გადასახადის გეგმა 779 მილიონი ლარით, 9 მილიარდ ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება მოგების გადასახადის გეგმა 3.55 მილიარდ ლარამდე, ხოლო აქციზის და იმპორტის გადასახადის გეგმა კი 2027 წელს უცვლელი იქნება.
| დასახელება | 2027 წლის გეგმა | სხვაობა 2026 წელთან შედარებით |
| საგადასახადო გეგმა სრულად | 25,250 მილიონი ლარი; | +2,050 მილიონი ლარი; |
| დამატებული ღირებულების გადასახადი | 9,680 მილიონი ლარი; | +936 მილიონი ლარი; |
| საშემოსავლო გადასახადი | 9,000 მილიონი ლარი; | +779 მილიონი ლარი; |
| მოგების გადასახადი | 3,550 მილიონი ლარი; | +350 მილიონი ლარი; |
| აქციზი | 2,700 მილიონი ლარი; | 0 მილიონი ლარი; |
| იმპორტის გადასახადი | 150 მილიონი ლარი; | 0 მილიონი ლარი; |
| სხვა გადასახადები | 170 მილიონი ლარი. | -15 მილიონი ლარი; |
რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, მათი საპროგნოზო მაჩვენებელია 1.3 მილიარდი ლარი, რაც 2026 წელთან შედარებით 150 მილიონი ლარით ნაკლებია. მათ შორის კლება ძირითადად დაკავშირებულია სებ-ის მოგების განაწილების კლებასთან, რაც 2026 წელს 450 მილიონი ლარი იყო, 2027 წელს კი 200 მილიონ ლარზე იქნება დაგეგმილი. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, საჯარიმო შემოსავლების პროგნოზი 40 მილიონი ლარით, 240 მილიონ ლარამდე გაიზრდება, მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების საპროცენტო სარგებელი 320 მილიონ ლარზე არის პროგნოზირებული (ზრდა 10 მლნ); პრივატიზაციის გეგმა კი 200 მილიონ ლარზე ნარჩუნდება.
| შემოსავლების კატეგორია | პროგნოზი 2027 წელს | ზრდა/კლება 2026 წელთან |
| საპროცენტო სარგებელი მთავრობის დეპოზიტებზე | 330 | 10 |
| შემოსავალი საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან | 200 | -250 |
| საიჯარო შემოსავლები | 45 | 15 |
| საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია (პრივატიზაცია) | 200 | 0 |
| ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები | 131 | 1 |
| სანებართვო მოსაკრებელი | 87 | 2 |
| სარეგისტრაციო მოსაკრებელი | 2 | 0 |
| სახელმწიფო ბაჟი | 35 | 0 |
| საკონსულო მოსაკრებელი | 2 | 0 |
| წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი | 3 | -2 |
| სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი | 1 | 0 |
| არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება | 4 | -1 |
| შემოსავლები მომსახურების გაწევიდან | 4 | -1 |
| სხვა შემოსავლები არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლიდან და მომსახურებიდან | 0 | 0 |
| სანქციები (ჯარიმები და საურავები) | 240 | 40 |
| სხვა | 350 | 35 |























