მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელი სექტორისთვის საინტერესო იყო, კომპანია 20%-ით გაიზარდა - "კრისტალ ლიზინგი"

კრისტალ ლიზინგი

სალიზინგო კომპანიებში აცხადებენ, რომ 2025 წელი სექტორისთვის დადებითი ტენდენციებით ხასიათდებოდა.

როგორც BMG-სთან “კრისტალ ლიზინგის” უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, კახა გაბესკირია აცხადებს, მათი კომპანიის შემთხვევაში ზრდის ტემპი 20%-ის ფარგლებში იყო, რის შედეგადაც პორტფელმა 20 მლნ ლარს მიაღწია.

კომპანიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ წლის მეორე ნახევრიდან პორტფელის ზრდის მიმართულებით შედარებით შენელება შეინიშნებოდა, თუმცა ზრდა შედარებით დაჩქარდა წლის ბოლოსკენ.

“2025 წელი საინტერესო ზრდა გვქონდა, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში გაიზარდა კომპანია. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჩვენმა კომპანიამ მიიღო საბანკო ლიცენზია, რამაც უფრო მეტი შესაძლებლობა და დაფინანსების წყარო მოგვცა ჩვენი მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, ამან ხელი შეუწყო, რომ ზრდა გაუმჯობესებულიყო.

პორტფელის ზრდას რაც შეეხება, ძირითადად განვვითარდით ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. საინტერესო იყო საცალო ავტომობილების სალიზინგო მიმართულებაც, არა მარტო ჩვენთან, ზოგადად ბაზარზე ეს ტენდენცია ნელ-ნელა ინერგება. ასევე საინტერესოა ის მომენტიც, რომ ლიმიტების გაზრდამ უზრუნველყო ახალი ტექნიკის დაფინანსების შესაძლებლობა, ფაქტობრივად მოგვეცა საშუალება მომხმარებელს დავუფინანსოთ არა მხოლოდ მეორადი ტექნიკა, არამედ ახალი ტექნიკა და ამით ჩაანაცვლონ თავიანთი ავტოპარკი გაუმჯობესებული ტექნიკით.

პორტფელის ზრდის ნაწილში წლის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ, იყო გარკვეული შენელება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის შემდეგ გაუმჯობესდა ეს ტენდენცია, მოლოდინები უფრო ნათელი გახდა ბაზარზე. განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში ცოტა ბუნდოვანი იყო განვითარების პერსპექტივები, დღეს უკვე ეს საკითხი ბევრად დაძლეულია და 2026 წლისთვის ბევრად თავდაჯერებული ჩანს სექტორი ზოგადად”, - განაცხადა კახა გაბესკირიამ.

ცნობისთვის, საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, რომ წლის განმავლობაში ინდუსტრიის პორტფელის ზრდის ტემპი 35-40%-ის ფარგლებში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები