საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს უმიზნებს. ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი 1.4 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, თითქმის 1.2 მილიარდით ლარში დენომინირებული, ხოლო ევროს ობლიგაციების ზომა მხოლოდ 121 მილიონი ლარია.
"წელს ადგილობრივ კორპორაციულ ემისიებში დაახლოებით 800 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდი არის გამოსული, ჯამში 12 ტრანზაქცია. წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 1.2-1.3 მილიარდამდე გაიზრდება ეს რიცხვი. ანუ დამატებით 400-500 მილიონი ლარის ემისიებს ველოდებით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი, ეს რეკორდი იყო ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და ველით, რომ ამ რეკორდს გავაუმჯობესებთ. 2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარმატებულია", - ამბობს Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი.
კითხვაზე რა ზრდის საქართველოს კაპიტალის ბაზარს, Galt & Taggart-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მსხვილი კომპანიები დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს საჭიროებენ, რაც ობლიგაციებზე მოთხოვნას ზრდის.
"მიზეზი, რის გამოც კაპიტალის ბაზარი ბოლო წლებში გაიზარდა, არის ის, რომ გარკვეული კომპანიები ეკონომიკის ზრდასთან ერთად უკვე ისეთ ზომას აღწევენ, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები სჭირდებათ და მხოლოდ საბანკო დაფინანსება შეიძლება მათ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდეს ან ვერ აკმაყოფილებდეს ისეთ პირობებში, როგორც მათ სურთ. ამიტომ დივერსიფიკაციისთვის კაპიტალის ბაზრების რესურსი მათთვის ახალი დაფინანსების წყაროა", - ამბობს ვანო კიკვილაშვილი.
ვრცლად: 2.7 მილიარდამდე გაზრდილი ობლიგაციების ბაზარი - რა ზრდის ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს




























