საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს უმიზნებს. ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი 1.4 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, თითქმის 1.2 მილიარდით ლარში დენომინირებული, ხოლო ევროს ობლიგაციების ზომა მხოლოდ 121 მილიონი ლარია.
"წელს ადგილობრივ კორპორაციულ ემისიებში დაახლოებით 800 მილიონ ლარამდე მოცულობის ფასიანი ქაღალდი არის გამოსული, ჯამში 12 ტრანზაქცია. წლის ბოლომდე ველოდებით, რომ დაახლოებით 1.2-1.3 მილიარდამდე გაიზრდება ეს რიცხვი. ანუ დამატებით 400-500 მილიონი ლარის ემისიებს ველოდებით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარი, ეს იყო რეკორდი ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და ველით, რომ ამ რეკორდს გავაუმჯობესებთ. 2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან წარმატებულია", - ამბობს Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ს შორის მერყეობდა, დოლარის შემთხვევაში კი 8-8.5% იყო.
"საკმაოდ აქტიური წელი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდს თუ შევადარეთ, დაახლოებით იგივე მოცულობის ემისიები იყო საჯარო ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ტემპი არ შეგვიმცირებია. მიმდინარე რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, მათ შორის მსხვილი პროექტებიც არის და წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ბაზრის ზომა. რა თქმა უნდა, TBC კაპიტალი ძალიან აქტიურია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და ტრანზაქციების უმეტესობა ჩვენი მონაწილეობით შედგა", - აცხადებს TBC Capital-ის საინვესტიციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი.
მიკრობანკ MBC-ის წელს ჯამში ორი 60 მილიონი ლარის ობლიგაცია 12 პროცენში აქვს გამოშვებული. საფინანსო ისტიტუტის პორტფელში ამ დროისთვის მხოლოდ ლარის ობლიგაციებია, თუმცა როგორც მისი გენარალური დირექტორი გვეუბნება, ემისიებს უცხოურ ვალუტაშიც გეგმავენ. გია პეტრიაშვილი მომავალ წელს კაპიტალის ბაზრის ზრდას ელოდება, რადგან ის მსხვილი და საშუალო ბიზნესთვის ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროა.
"წელს 60 მლნ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით ორ ტრანშად. პირველად გაზაფხულზე იყო 30 მილიონი და ახლაც 30 მლნ ლარი. აქედან ნაწილი იყო ადრე გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირება, ნაწილი კი ახალი სახსრების მოზიდვა. მომავალშიც ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ეს იქნება კაპიტალის მოზიდვის საინტერესო ფორმა. ზოგადად, ყოველთვის გვინდა, რომ სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს კაპიტალის ბაზარი, თუმცა საკმაოდ კარგ ზრდას ვადევნებთ თვალს", - ამბობს გია პეტრიაშვილი.
MBC-ის ობლიგაციების მყიდველი კომერციული ბანკებთან ერთად ქვეყნის საპენსიო ფონდიც არის. პეტრიაშვილის ინფორმაციით მოთხოვნადია ე.წ მწვანე ობლიგაციებიც, რომლის მიმართ ინტერესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც გამოხატავენ.
“ამ ბოლო დროს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია ე.წ მწვანე ობლიგაციები, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უფრო მეტი ენთუზიაზმით ყიდულობენ, რადგან თანხებს, რომლის მოზიდვაც ობლიგაციების გამოშვების გზით ხდება გარკვეული მიზნობრიობა აქვთ. ისინი ძირითადად მიმართულია ისეთ ინდუსტრიებში, რომელიც არ აბინძურებს გარემოს, ხელს უწყობს ქალთა ბიზნესის გაძლიერებას და ა.შ. ანუ გარკვეული სოციალური დატვირთვაც აქვს. რაც შეეხება მყიდველებს, ჩვენი ობლიგაციების მყიდველები არიან კომერციული ბანკები, ასევე საპენსიო ფონდი უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას ჩვენი ტრანშის ყიდვაში, - ამბობს ის.
და მაინც რა ზრდის ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარს?! Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მსხვილი კომპანიები დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს საჭიროებენ, რაც ობლიგაციებზე მოთხოვნას ზრდის.
"მიზეზი, რის გამოც კაპიტალის ბაზარი ბოლო წლებში გაიზარდა, არის ის, რომ გარკვეული კომპანიები ეკონომიკის ზრდასთან ერთად უკვე ისეთ ზომას აღწევენ, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები სჭირდებათ და მხოლოდ საბანკო დაფინანსება შეიძლება მათ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდეს ან ვერ აკმაყოფილებდეს ისეთ პირობებში, როგორც მათ სურთ. ამიტომ დივერსიფიკაციისთვის კაპიტალის ბაზრების რესურსი მათთვის ახალი დაფინანსების წყაროა", - ამბობს ვანო კიკვილაშვილი.
მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე დოლარისა და ლარის ობლიგაციები დომინირებს. TBC Capital-ის საინვესტიციო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი თინა სიმონიშვილი გვიხსნის, რომ უცხოური ვალუტისა და ლარის ემისიები განსხვავებულ ინვესტორებს იზიდავენ.
"ადგილობრივი ვალუტის ემისიები ბევრად უფრო საინტერესოა ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, როგორც არის კომერციული ბანკები, საპენსიო ფონდი ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. დოლარის ან ევროს განთავსებები უფრო მეტად საინტერესოა ადგილობრივი ან საერთაშორისო ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის, ვინაიდან კარგ შესაძლებლობას აძლევს ფიზიკურ პირებს ალტერნატიული ინვესტირების წყაროები გაიჩინონ. მაგალითად, დეპოზიტზე თუ ვიცი, რომ 2-3%-ს დაუწერთ მათ განთავსებულ თანხები, შესაძლებელია, რომ ბონდებში შესვლის შემთხვევაში დაახლოებით 8-9%-ის ამონაგები ნახონ. შესაბამისად, ფიზიკური პირებისთვის დოლარის და ევროს განთავსებები განსაკუთრებით საინტერესოა", - ამბობს თინა სიმონიშვილი.
ქართულ კომპანიებს რომ ემისიების რესურსი აქვს ამას საერთაშორისო ბაზარზე მათი აქტიურობაც მოწმობს. 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბანკმა 450 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.5%-ია. ამას გარდა, პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ღირებულების 7.5%-იანი ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა სილქ როუდ ჯგუფმაც .
ჯერჯერობით საქართველოს ბაზარი ამ მოცულობის ფასიანი ქაღალდებისთვის ძალიან პატარაა, თუმცა როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მზარდი ტენდენციით ხასიათდება და როგორც საინვესტიციო ბანკებში ამბობენ ზრდის პოტენციალი 2026 წელსაც არის. მოცულობასთან ერთად შინაარსიც საინტერესო სურათს აჩვენებს, სექტორულ ჭრილში ობლიგაციების ემიტენტები დივერსიფიცირებულია და ეკონომიკის თითქმის ყველა წამყვან ინდუსტრიას ფარავს.




























