მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წელს 2 000-ზე მეტ ბავშვს 7 000-ზე მეტი წიგნი გადავეცით" - რა პროექტებს აერთიანებს "ლიბერთის" CSR მიმართულება?

ლიბერთი
25.02.26 17:18
839

ლიბერთი ბანკისა და "მთიელი წიგნების" პარტნიორობის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2 000-ზე მეტ ბავშვს 7 000-ზე მეტი წიგნი გადაეცათ საჩუქრად - "საქმიანი დილას" ეთერში პარტნიორობის მიზნებზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელმა, თამარ ზაქარიაძემ ისაუბრა.

2023 წლიდან შევუერთდით ჩვენ "მთიელ წიგნებს" და მას შემდეგ ვზრუნავთ იმაზე, რომ მათთან ერთად ეს პროექტი უფრო მასშტაბური გახდეს. ერთი შეხედვით ბავშვებს ვჩუქნით წიგნებს, რაც შეიძლება არ მოგეჩვენოთ განსაკუთრებულ პროექტად, თუმცა სხვა პროექტებისგან გამოარჩევს რამდენიმე რამ: ერთი არის ის, რომ ბავშვები წინასწარ ითხოვენ წიგნებს და ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ როგორც კი ბავშვი წიგნს აფიქსირებს, რაც შეიძლება მალე ჩავუტანოთ ეს წიგნი მას. და მეორე არის ის, რომ არ ვიყენებთ არანაირ ფოსტას და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ჩვენ ჩავდივართ და ჩაგვაქვს წიგნები ბავშვებისთვის.

"მთიელი წიგნები" ძალიან ცნობილი პროექტია რეგიონებშიც. მოვიარეთ გურია, მაღალმთიანი აჭარა, 2025 წელს დავფარეთ იმერეთი და წელს უკვე სამეგრელოში გველოდებიან. გასულ წელს 10-მდე პროექტი განვახორციელეთ, რომელთა მთავარი მიზანიც არის განათლება და წიგნიერება. "მთიელი წიგნების" ფარგლებში 7 000-მდე წიგნი ვაჩუქეთ დაახლოებით 2100 ბავშვს, განვაახლეთ ბიბლიოთეკები და ჩემი ყველაზე ისეთი საყვარელი ფაქტია, რომ შემთხვევით შემხვედრ ბავშვებს დაახლოებით 1 100 წიგნამდე ვაჩუქეთ - ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია გზაში დარიგებული წიგნებიც", - აღნიშნა თამარ ზაქარიაძემ.

განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას ლიბერთის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა სამაგიდო თამაშ "ვეფხისტყაოსნის" გავრცელების მიზნებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლევან გელაშვილის მიერ შექმნილი პროდუქტი ლიბერთიმ რეგიონებში ლექციათა ციკლის ალტერნატივად ჩაიტანა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

"ვინაიდან ლიბერთის მთავარი მიმართულება არის განათლება და ეს პროექტიც უფრო წიგნიერებისკენ არის მიმართული, მოგზაურობის დროს ვაკვირდებით, თუ რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს... ჩვენ დავიწყეთ "ვეფხისტყაოსნის" ლექციათა ციკლი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის და მივხვდით, რომ მასწავლებლებისთვის ეს ძალიან საინტერესოა, მოსწავლეებიც უსმენენ, მაგრამ მათ სჭირდებათ სათავგადასავლო აქტივობები, რომელიც უფრო მარტივად გააგებინებს იმ ღირებულებებს, რაც ამ პოემაშია.

აქედან გამომდინარე, ლევან გელაშვილის ავტორობით, ამ სამაგიდო თამაშებით ვცადეთ, რომ მოგვევლო რეგიონები. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ პროექტს. განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის, ვინაიდან მათ ყოველთვის სჭირდებათ დამატებითი რესურსი, აქტივობები, რომლებსაც სტანდარტული გაკვეთილების მიღმა ჩაატარებენ და მოსწავლეებს უფრო მარტივად და საინტერესოდ გააცნობენ თემას", - ამბობს თამარ ზაქარიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები