2025 წელს, ღონისძიებების ორგანიზების კომპანია Laka Wedding-მა დაახლოებით 20%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ლაკა წერეთელმა ისაუბრა.
მისი თქმით, მოთხოვნა გასულ წლებში გაიზარდა როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისგან, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. განსაკუთრებით აქტიური იყო ისრაელის ბაზარი.
„მოთხოვნა იყო როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. ჩემ შემთხვევაში, უცხოელებს შორის ლიდერობდა ისრაელი, ხოლო მიმდინარე წელს, გერმანიიდან გვყავს საკმაოდ ბევრი წყვილი“, - ამბობს წერეთელი.
ლაკა წერეთლის განმარტებით, საქმიანობის განმავლობაში Laka Wedding-ს წყვილები ჰყოლია დაახლოებით 18 სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა კომპანიის პორტფელში ამ ეტაპზე აზიური ბაზარი არ არის წარმოდგენილი. მისი თქმით, აღნიშნული სეგმენტი ძირითადად მცირე ფორმატის ღონისძიებებს ითხოვს, მაშინ როდესაც კომპანია სრულმასშტაბიან ქორწილებზეა ორიენტირებული.
„ჩვენ რეკომენდაციებით ვმუშაობთ – არანაირი რეკლამა არასოდეს გაგვიკეთებია და მომხმარებლის დადებითი გამოცდილება არის ჩვენი მთავარი არხი. უფრო სრულ ღონისძიების პაკეტებზე ვართ კონცენტრირებულები. მაგალითად, წელს გერმანიიდან გვაქვს ქორწილები 150, 70 და 80 სტუმარზე“, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ფასებს, მისი ინფორმაციით, დღეს მოკრძალებული ქორწილის დაგეგმვის ღირებულება 10 000 დოლარიდან იწყება, თუმცა საბოლოო ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ლოკაციაზე, კაბაზე, ვარცხნილობასა და სხვა დეტალებზე.
ლაკა წერეთლის თქმით, ბაზარზე მომხმარებლის პრიორიტეტებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა: „თუ ადრე აქცენტი სუფრაზე კეთდებოდა, ახლა ვიზუალური და ესთეტიკური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა“, – ამბობს ის.
რაც შეეხება უცხოელ მომხმარებლებს, კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, საქართველოში ქორწილის დაგეგმვისას ქართული ელემენტები ღონისძიების განუყოფელ ნაწილად რჩება: „როდესაც უცხოელები საქართველოს ირჩევენ, ქორწილის დეტალებში ქართული ელემენტები აუცილებლად შემოგვაქვს“, – აცხადებს ლაკა წერეთელი.




























