ამბროლაურის ცნობადობა იზრდება, რეისებზე არარეზიდენტების წილი 2025 წელს 10%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ BM.GE-თან “აკ-ეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტრადიციულად მაღალია უცხოელთა წილი სვანეთის მიმართულებაზე. მესტიის რეისებზე მგზავრთა 60%-ს არარეზიდენტები შეადგენენ, ხოლო იანვრის განრიგში, სასრიალო სეზონის დაწყებასთან ერთად, მათი წილი 75%-მდე გაიზარდა.
“სვანეთზე მგზავრების ჭრილში 60% არარეზიდენტია, 40% - რეზიდენტი. უკვე იანვრის განრიგში დაახლოებით 75% არა რეზიდენტია და დაიწყო უკვე სასრიალო სეზონი სვანეთში და მიმდინარეობს კარგად.
ამბროლაური – აქ რაც აღსანიშნავია, რომ არარეზიდენტი მოგზაურები ამ რეისშიც უკვე სერიოზულად იჭრებიან და 2025 წლის ჭრილში დაახლოებით 10% უკვე არარეზიდენტი მოგზაური იყო ამბროლაურზე, რომელთა რიცხვიც წინა წლებში 1%-მდეც ვერ მრგვალდებოდა და ეს ძალიან კარგია. ამბროლაურის ცნობადობაც იზრდება.
ბათუმში ტრადიციულად მგზავრთა 60% არარეზიდენტი იყო, 40% რეზიდენტი, თუმცა ზაფხულში 80% რეზიდენტი მოგზაურები არიან და 20% არარეზიდენტები, ეს ზღვის სეზონიდან გამომდინარეობს. ქუთაისი-მესტიის რეისზე 99% არარეზიდენტი მოგზაური ჰყავს ამ რეისს, 1% მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა”, - აცხადებს “აკ-ეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.



























