შიდა ფრენების განმახორციელებელი ავიაკომპანია აკ-ეარ ჯორჯიასა და სახელმწიფოს შორის არსებული კონტრაქტის მოქმედების ვადა წლის ბოლოს იწურება. როგორც ირკვევა, სახელმწიფო კონტრაქტორისგან ფრენების შესრულებას თბილისის აეროპორტიდან ითხოვს, თუმცა კომპანია უარს ამბობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების შესრულებაზე, რადგან მიაჩნია, რომ იქ არსებული ტარიფები, პროცედურები და დატვირთულობა ფრენის დროსა და ხარჯებს გაზრდის.
როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განმარტა, „აკ-ეარ ჯორჯიას“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს მომავალ ტენდერშიც, თუ ფრენის საწყისი წერტილი ისევ ნატახტარი იქნება.
“ერთადერთი ტენდერი იყო გამოცხადებული ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ თბილისის აეროპორტიდან ფრენის ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, რადგან ეს კიდევ უფრო აძვირებს ფრენას, ვინაიდან საერთაშორისო აეროპორტს აქვს სხვა წესები, დატვირთვა თბილისის აეროპორტის ძალიან დიდია, შესაბამისად, ფრენის დრო იქნება დაახლოებით 25-30%-ით მეტი ყველა მიმართულებაზე. ეს გამოიწვევს [მგზავრობის] გაძვირებას.
ამას გარდა, იცით, რომ „აკე-არ ჯორჯია“ ჰოლდინგური მმართველობის ქვეშაა და „აკე-არ“ კომპანიასთან დაკავშირებულია ნატახტრის აეროპორტიც. ჩვენი ინტერესია, რომ განვითარდეს ეს აეროპორტი, შესაბამისად, ჩვენი ავიაკომპანიის ინტერესია ნატახტრიდან ფრენების განხორციელება, რომელიც ეკონომიკურადაც, დროის თვალსაზრისითაც ბევრად მოგებიანია და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას კიდევ უფრო ახანგრძლივებს.
ავიაციაში ყველა რესურსი ითვლება ფრენის საათის მიხედვით. შესაბამისად, ნატახტრიდან ერთი და იგივე რეისზე, როცა ერთი და იგივე რაოდენობის მგზავრი გყავს, დროში უფრო მეტს ასრულებ წელიწადში ნატახტრიდან, ვიდრე ვთქვათ თბილისიდან რომ იყოს ფრენები ბათუმის, ამბროლაურის თუ მესტიის მიმართულებით. ერთადერთი უცვლელი იქნება ქუთაისი-მესტია, რომელიც არ შეიცვლება.
ჩვენ რამდენიმე თვის უკან მივიღეთ წერილობითი შემოთავაზება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან, რომ მათ აქვთ ინტერესი, დარჩენილი რესურსის ფარგლებში გაგრძელდეს ტენდერი. ბაზრის კვლევა იყო სექტემბრის თვეში ისევ გამოცხადებული. ჩვენ დავადასტურეთ ინტერესი ფრენების მომავალ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე, მხოლოდ ერთი პირობა გქონდა დაყენებული — რომ თუ ფრენები განხორციელდება ნატახტრის აეროპორტიდან. თბილისის აეროპორტიდან ფრენაზე ჩვენ ინტერესს არ ვაცხადებთ.
ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ წერილი: თქვენ თუ გაქვთ ინტერესი, რომ გავაგრძელოთ [შიდა ფრენები] ამ ხელშეკრულების ფარგლებში. ჯერ კომპანიას არ მიგვიღია გადაწყვეტილება, პასუხი არ მიგვიცია აეროპორტების გაერთიანებისთვის. ვნახოთ. ჩვენი ხელშეკრულება მთავრდება 2026 წლის 31 დეკემბერს”,-აცხადებს ირინა მღებრიშვილი.
შიდა ფრენებზე სახელმწიფომ აკ-ეარს 2018 წელს დადებული ხელშეკრულება ამჯერად წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა, თუმცა განახლებული ხელშეკრულებით შიდა ფრენები საავიაციო საწვავის გაძვირების გამო, მთავრობას 6.5%-ით გაუძვირდა. ამჟამად შიდა ფრენებს მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებებზე მხოლოდ აღნიშნული ავიაკომპანია ახორციელებს.























