"თბილისი ცენტრალის" დირექტორის, ლევან ყარალაშვილის თქმით, გასული წელი მოხმარების 10%-იანი კლებით დასრულდა.
როგორც მან BM.GE-სთან მოხმარების ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, ადამიანები, გაურკვეველი გარემოს ფონზე, არაპირველადი საჭიროების საგნების მიმართულებით დანახარჯებს ამცირებდნენ, რამაც კლება განაპირობა.
"იანვრის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს. იანვარი და თებერვალი ზოგადად არააქტიური სეზონია, დიდი მოლოდინი არ გვექნება. 2025 წელს რაც შეეხება, დაახლოებით ინდუსტრიულად 10%-იანი კლება იყო 2024 წელთან შედარებით.
2023-2024 ითვლება, რომ კარგი წლები გამოვიდა. პანდემიიდან რომ გამოვედით, 2023 რა თქმა უნდა პიკი იყო, მაგრამ 2024-იც საკმაოდ კარგი წელიწადი იყო. 2025 წელს დარგობრივ ჭრილში თუ ავიღებთ, ვთქვათ არაპირველადი მოხმარების საგნების მიმართულებით, საცალო ვაჭრობის მიმართულებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და არასაკვები მიმართულება, დაახლოებით 10%-იანი კლება არის. მომხმარებლის ქცევა არის შეცვლილი. საკმაოდ გაურკვეველი გარემოდან გამომდინარე ფაქტია, რომ უფრო მეტ თანხას და ფოკუსს ხალხი აკეთებს პირველად მოხმარებაზე, საკვებ პროდუქციაზე და ასე შემდეგ, ვიდრე ტექნიკაზე, ტანსაცმელზე ან ა.შ. და გაურკვევლობის ფონზე უფრო, ასე ვთქვათ, უფრთხილდებიან თანხებს, ზოგავენ ალბათ. გასული წლის პირველ კვარტალში თითქმის 25%-იანი კლება იყო და მერე, მეტ-ნაკლებად სიტუაცია წლის დასაწყისთან შედარებით ბოლოს გაუმჯობესდა",- ამბობს ლევან ყარალაშვილი.




























