2026 წლის პირველი ნახევარი ვაჭრობის სექტორმა 5%-იანი ზრდით დაასრულა. სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის, “თბილისი ცენტრალის” გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო წლებში სექტორის განვითარების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც დაბალმსყიდველუნარიან ბაზარს უკავშირდება.
შემცირებულია ტრანზაქციებში უცხოელების წილიც. ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით, თუ 2 წლის წინ ეს მაჩვენებელი 40-45%-ის ფარგლებში ლავირებდა, მიმდინარე წელს არარეზიდენტების დანახარჯები დაახლოებით 30%-მდე შემცირდა. მოლოდინია, რომ სექტორი წელს მინიმალური, 5%-იანი ზრდით დახურავს.
„წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩვენს სექტორშიც იყო ნომინალური ზრდა დაახლოებით 5%-ის ფარგლებში. სავაჭრო ცენტრებიდან და ორგანიზებული სავაჭრო პლატფორმებიდან მიღებულ ციფრებზე ვსაუბრობ.
ამ დარგის განვითარება ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ დიდად სწრაფად არ ხდება და მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს ამაზე, რატომაც არსებული ქსელები ნაკლებად ფართოვდებიან. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ახალი ბრენდები შემოდიოდნენ ქვეყანაში.
გაზრდილი ხელფასები ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ის ინფლაციური პროცესები, რაც ამ ყველაფერს თან სდევს, აისახება იმაზე, რომ ქართველი მომხმარებელი არ არის მაღალი მსყიდველუნარიანობით გამორჩეული.
ბევრი საუბარი არის ფასებზე, საშუალო ჩეკის მოცულობაზე და ა.შ. ჩვენთან, მაგალითად, „თბილისი ცენტრალის“ შემთხვევაში, რომელსაც სხვა სპეციფიკა აქვს, უფრო ტექნიკით არის წარმოდგენილი და უფრო მაღალია, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი, მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებითაც დღესდღეობით ზრდა ძალიან ნომინალურია, 1-2%-ის ფარგლებშია შარშანდელ იგივე პერიოდს რომ შევადაროთ.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობა რეალურად ფოკუსს მაინც აკეთებს უფრო პირველადი მოხმარების საგნებზე.
ტენდენცია ვფიქრობ, რომ წელს ალბათ იგივე იქნება, რაღაც განსაკუთრებულს ჩვენ არ ველოდებით. ხშირად ვამბობ ხოლმე ტერმინს „ფრთხილი ოპტიმიზმი“ და ვრჩებით ამ რეჟიმში და ყოველ შემთხვევაში, იმ ქსელებთან, ვისთანაც მე მქონდა კომუნიკაცია და საუბარი, უფრო ფრთხილად უყურებენ და უფრო სტატუსის შენარჩუნებაზე კეთდება აქცენტი, ვიდრე ახალი პლატფორმების ან ახალი ობიექტების გახსნაზე.
[რაც შეეხება უცხოელების წილს ტრანზაქციებში], ეს ციფრი თითქმის 40-45% იყო 2 წლის წინ და ნელ-ნელა 40%-ზე დასტაბილურდა. წელს ეს მაჩვენებელი შემცირებულია და დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებშია”,-აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში ლევან ყარალაშვილი.
























