“თბილისი ცენტრალი” დღესაც მზადაა ე.წ ბორჯომის ვაგზლის ხანძრისგან დამწვარ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქცია განახორციელოს, თუმცა კომპანია მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება. "თბილისი ცენტრალის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, მერია ამუშავებს სადგურის მოედანთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პროექტს, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიის ნაწილს გაივლის. "ველოდებით, როდის გაირკვევა რეალურად, თუ რა კონფიგურაციის ტერიტორია შეიძლება იქ დარჩეს და რამდენად საინტერესო იქნება კომერციულად ამის ათვისება. ამის შემდეგ დავამუშავებთ უფრო დეტალურად ახალ პროექტს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას"-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
ე.წ ბორჯომის ვაგზალი, რომელიც სადგურის მოედანზე მდებარეობს, გასული წლის აპრილში ხანძრის შედეგად დაიწვა. შედეგად განადგურდა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. კომპანიამ მალევე განაცხადა მზაობა უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი.
“ჩვენ 1 წელიწადზე მეტია გვაქვს მოლაპარაკება ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვართ ინვესტიცია განვახორციელოთ ამ მიმართულებით, აღვადგინოთ იქ სავაჭრო სივრცეები უფრო თანამედროვე ფორმით, როგორც იყო, თუმცა მანდ მუნიციპალიტეტმა დააყენა ე.წ დამაკავშირებელი ხიდის პროექტი, რომელიც მუშავდება. მნიშვნელოვნად იცვლება ტერიტორიის კონფიგურაცია, კვადრატულობა და დღეს ამ ფაზაზე არიან. ველოდებით, როდის გაირკვევა რეალურად, თუ რა კონფიგურაციის ტერიტორია შეიძლება იქ დარჩეს და რამდენად საინტერესო იქნება კომერციულად ამის ათვისება. ამის შემდეგ დავამუშავებთ უფრო დეტალურად ახალ პროექტს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ალბათ წლის ბოლომდე გაირკვევა და უფრო ნათელი სურათიც შემდეგ გვექნება”,-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
























