მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები რეკორდული იყო. ზრდის 70% უცხოელებზე მოდიოდა - Colliers

ბათუმი

2025 წელს ბათუმში ბინების გაყიდვების ზრდის 70%-ს უცხოელები განაპირობებდნენ. ამის შესახებ Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.

გასულ წელს ბათუმში 17,052 (წლიურად 17%-ით მეტი) ტრანზაქცია აღირიცხა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ტრანზაქციებმა 2022 წლის მაჩვენებლებს გადაუსწრო, რაც ქალაქისთვის ახალი რეკორდია.

ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლის ჭრილში 34%-ით გაიზარდა და 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

"უცხოური ინვესტიციებისთვის აჭარის მზარდი მიმზიდველობა, ასევე ახალი მაღალი დონის პროექტების მიწოდება, ბაზრის ზომის მნიშვნელოვან ზრდას უწყობს ხელს",- წერია კვლევაში და აღნიშნულია, რომ უცხოელი მყიდველები აქტიურობდნენ როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.

ამასთან, მოთხოვნის გაძლიერებამ დააჩქარა ფასების ზრდა როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,497 იყო, ხოლო ძველ პროექტებში $1,196.

საქართველოს მოქალაქეების წილი ახალი პროექტების მეორად ტრანზაქციებში 2021 წლიდან სტაბილურად მცირდება და 2025 წელს 51%-ს მიაღწია.

"2022–2023 წლებში დაფიქსირებული დაჩქარებული კლების ტენდენცია დიდწილად შეიძლება მივაწეროთ რეგიონულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა რუსეთის და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან",- წერია კვლევაში.

უცხოელი მყიდველების წილი ახალი პროექტების მეორად ბაზარზე 2021 წლიდან 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა თბილისშიც.

"უცხოელი მყიდველები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ ახალ პროექტებს, მათი შესყიდვების 86% ახალ პროექტებზეა რეგისტრირებული. ამის საპირისპიროდ, ძველ პროექტებში უცხოელი მყიდველების წილი ბოლო წლებში ძირითადად სტაბილური დარჩა",- აღნიშნულია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები