მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2025 წელს ჩვენი გეგმები მთლიანად დამოკიდებული იქნება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე" - Petit Bazar

პეტიტ ბაზარი

ბავშვთა კონცეპტუალური მაღაზია Petit Bazar-ი 2024 წლის შედეგებს BMG-სთან აჯამებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ქეთი მესხი აღნიშნავს, გასული წელი წარმატებულად დაიწყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა რითეილ სექტორისთვის ყველაზე აქტიური პერიოდის ჩავარდნა გამოიწვია.

"2024 წელი უკეთესად დაიწყო ვიდრე 2023 წელი იყო, შესაბამისად დავსახეთ განვითარების გეგმები, წავედით ფინანსურ რისკებზე და ა.შ. მთავარი გათვლა საახალწლო პერიოდზე გვქონდა, რომელიც ჩავარდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, კიდევ ერთი გამოწვევა იქნება, რომლისთვისაც მზად არ ვართ.

გაზაფხულს მერე, სამოქალაქო ერთობით შთაგონებულმა დავიჯერე რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აუცილებლად მოიტანდა ცვლილებებს და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდოდა. შესაბამისად დავისახეთ ახალი გეგმები, გავწერეთ განვითარების გეგმა, შემოვიყვანეთ ფრანგული ბრენდი და ვემზადებოდით საახალწლო პერიოდისთვის. გეგმაში გვქონდა წელს პირველად მიგვეღო მონაწილეობა საშობაო ბაზრობებში, ვინაიდან ძალიან დიდი და კარგი კოლექცია დაგვემატა და გვჭირდებოდა გაყიდვის არხების გაზრდა. მერიის ბაზრობა დღის წესრიგიდან გაყალბებული არჩევნებისთანავე ამოვარდა, თუმცა რეგისტრირებული ვიყავით "ფაბრიკას" საშობაო ბაზრობაზე, სადაც კანდიდატურა მოვხსენით, როგორც კი დაიწყო დარბევები და ძალადობა", - ამბობს ქეთი მესხი.

"პეტიტ ბაზრის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება მცირე ბიზნესებისთვის ოპერირებას კიდევ უფრო ართულებს.

"საქართველოში მცირე მეწარმეობა ისედაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან დიდ წილად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ფასიც და მოწოდებაც არასტაბილურია. ამას დამატებული მუდმივი პოლიტიკური თუ ეკონომიკური არასტაბილურობა და დაბალი და საშუალო სოციალური ფენების სიღარიბე", - ამბობს ქეთი მესხი.

"პეტიტ ბაზარი" ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც Freebusiness.ge-პლატფორმის განცხადებას შეურთდნენ. განცხადების ხელმომწერები პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა განთავისუფლებას ითხოვენ, მოვლენების დეესკალაციის მთავარ გზად კი ხელახალი არჩევნების დანიშვნა მიაჩნიათ.

როგორც ქეთი მესხი აღნიშნავს, Petit Bazar-ის 2025 წლის გეგმები მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული და ჯერჯერობით ბუნდოვანია.

"2025 წელს ჩვენი გეგმები მთლიანად დამოკიდებული იქნება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენც იმ ბიზნესების რიგში ვართ, ვინც მოითხოვს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ჰაერივით გვჭირდება დაუბრუნდეს ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს და ევროინტეგრაციის გზას. 2025 წელს გეგმაში გვქონდა კიდევ რამდენიმე ევროპული ბრენდის შემოყვანა, მაგრამ, თუ ქვეყნის დღის წესრიგიდან არ მოიხსნა საერთაშორისო იზოლაცია, სანქციები და რუსული მმართველობა, გაჭირდება ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკება. საქართველო არაა ისეთი ზომის ბაზარი, რომ ვინმე მოხიბლოს სხვა რამით, გარდა მისი დემოკრატიულობა, თავისუფალი ვაჭრობა, სტაბილურობა და ევროპული ღირებულებებია", - აღნიშნავს "პეტიტ ბაზრის" თანადამფუძნებელი.

"პეტიტ ბაზარი" ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდა. კომპანია 150-მდე ადგილობრივი მეწარმის საბავშვო პროდუქციას ერთ სივრცეში უყრის თავს და მშობლებს 5 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის სამოსს, ავეჯსა და დეკორს, სთავაზობს, 0 წლიდან მოზრდილობამდე. "პეტიტ ბაზარი" ასევე პირველი მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ნარჩენების ჩამბარებელ პუნქტად დარეგისტრირდა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ნარჩენს იბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები