დღეს, 19 თებერვალს საქსტატმა სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 13.9%-მდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევრობა ქვეყანაში ბოლო წლებში იკლებდა და გამონაკლისი მხოლოდ პანდემიური 2021 წელი იყო, როცა უმუშევრობის დონემ 20%-ს გადააჭარბა, რაც კოვიდ პანდემიას უნდა უკავშირდებოდეს.
ქართული ოცნების მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის ტენდენციებზე.
„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საქართველო, გლობალურად, ერთ-ერთი ლიდერია, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5 პროცენტი შეადგინა, რაც თავისთავად აისახა შრომის ბაზრის მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებზე - გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული“ - აღნიშნა მან.
ცინცაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში.
„შრომის ბაზარს რომ შევხედოთ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმების ზრდა, რაც შრომის ბაზარზე ჯანსაღ ტენდენციებზე და ზოგადად, შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“ - აღნიშნა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გაჯანსაღდეს შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები და ასევე გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი დოვლათი და ყოველივე ამან ხელი შეუწყოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.




























