მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს დასრულდება თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობა - ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე

დღეისათვის, დასრულებული პროექტების შედეგად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 302 კმ-ზე, ანუ 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რაც ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს.

მისი განცხადებით, რიკოთის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი 48 კმ მაგისტრალური გზით, რომელიც 49 ახალ აშენებულ გვირაბს და 88 ხიდს მოიცავს. ასევე, სრულად რეაბილიტირდა რიკოთის ძველი, ისტორიული 1750 მეტრიანი გვირაბი.

ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგმებიც გააცნო და განაცხადა, რომ თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობის მიზნით, 2025 წელს დასრულდება მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობა, რის შემდეგაც დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა. ასევე დასრულდება თბილისი-რუსთავის დარჩენილი 4-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა.

,,დაიწყება და დასრულდება რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის მონაკვეთების მშენებლობა, დაიწყება ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობა, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დასრულდება საქართველოს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ მონაკვეთების მშენებლობა. დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა; ლილოს შემოვლითი გზისა და დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელ-გასასვლელის მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი. სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით დასრულდება ქვეშეთი-კობის პროექტი, ასევე სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი; დაიწყება წიწამური-ჟინვალის გზის მონაკვეთის მშენებლობა.

თავის გამოსვლაში მინისტრობის კანდიდატი კახეთის მაგისტრალის მიმართულებით მიმდინარე მშენებლობებსაც შეეხო, რომლის ფარგლებში უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა. როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს გაიხსნება დამატებით 17 კმ-იანი გზა. დაიწყება ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა. ასევე, რუსთავი-წითელი ხიდის 1 და 2 ლოტებზე და ალგეთი-სადახლოს 3 და 4 ლოტებზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე და 2025 წელს მშენებლობა აქტიურ რეჟიმში დაიწყება. დაგეგმილია ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურების დაწყება.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მაგისტრალებისა და საგზაო ქსელის განვითარება კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისთვის.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.

პრესრელიზს სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები