მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს გეგმები გვქონდა, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს - „დრაკარი“

დრაკარი

მინიატურების სახელოსნო „დრაკარი“, რომელიც ბაზარზე 5 წელია ოპერირებს, აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, 2025 წლის გეგმები ბუნდოვანი გახადა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლილი წიქარიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

კომპანია დიორამებს, ანუ რეალური ადგილების მინიატიურულ მოდელებს ქმნის. ასევე, ბოლო 1 წელია აწარმოებს ფუნქციურ-დეკორატიულ სუვენირებს სხვადასხვა პოპულარულ თემატიკაზე, როგორიცაა მობილურის სადგამები, მაცივრის მაგნიტები, ბროშები, დეკორატიული ზარდახშები.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, პროდუქცია დახვეწეს, რამაც სარეალიზაციო ფასის მატება განაპირობა. ამიტომ B2B მიმართულებით განვითარებაზე ფოკუსირდნენ. ამის პარალელურად, საახალწლო პერიოდში მინიატურების სახელოსნო „დრაკარი“ ფუნქციურ-დეკორატიულ სუვენირების მიმართულებით გააქტიურებას გეგმავდა, ვინაიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყვნენ. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა, კვლავ დიორამების მსხვილი შეკვეთების მიღება დაიწყეს.

„დიორამების მიმართულებით მოთხოვნა მზარდია. 5 წელია ამ საქმიანობაში ვართ და ფუნქციურ-დეკორატიული სუვენირების წარმოება 1 წელია დავიწყეთ. მოცემულობა გვაქვს ის, რომ რაც დაიხვეწა ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია, გაიზარდა მისი ღირებულებაც. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ პროდუქცია იყოს ძალიან რეალურთან მიახლოებული და ყველა დეტალი იყო მაღალი ხარისხის. შესაბამისად, ეს ფასები აღარ არის ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომი. ბოლო პერიოდში დამზადებული დიორამების სტატისტიკით, დიორამის ღირებულება 1000 ლარიდან იწყება. ამიტომ, ვცდილობთ, რომ B2B სექტორზე ვკონცენტრირდეთ და უფრო დიდ პროექტებზეც ვიმუშაოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფიზიკური პირებისგანაც ვიღებთ შეკვეთებს. ვფიქრობთ, დიორამების მიმართულებით განვითარებას.

წელს გეგმა გვქონდა, რომ საახალწლოდ მაქსიმალურად ფუნქციურ - დეკორატიულ სუვენირების კეთებაზე გვქონოდა აქცენტი, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა გეგმები შეგვიცვალა და გადავწყვიტეთ დიორამაზე გვემუშავა“, - ამბობს მეწარმე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია იმ 200-ზე მეტ მცირე მეწარმეს შორისაა, რომლებმაც საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი თქვეს. წიქარიშვილის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი თქვეს, "ველი სთორმა" მათ და მათნაირ მეწარმეებს სპეციალური პირობები შესთავაზა. შესაბამისად, კომპანია სულ ცოტა ხნის წინ "ველი სთორის" პლატფორმაზეც გამოჩნდა. აღნიშნულმა კი კომპანიას უბიძგა, რომ ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივაშიც ემუშავათ.

„"ველი სთორმა" იმ მეწარმეებს, რომლებმაც უარი თქვა შეთავაზება გაუკეთა, კერძოდ მათ პლატფორმაზე კარგი პირობებით განთავსება შემოგვთავაზა, შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც ამ მეწარმეების რიგებში ვართ, "დრაკარი" უკვე ველიზეც არის წარმოდგენილი და ვფიქრობთ, რომ სამომავლო პერსპექტივაშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. გვინდა, რომ ელკომერციის მიმართულებით განვვითარდეთ.

2025 წელს გარკვეული გეგმები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან გვიჭირს კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. გვინდა, რომ სახელოსნო მაქსიმალურად მოვაწყოთ, რათა ახალი კადრები დავიმატოთ. სუვენირების გაყიდვების მაქსიმალური "ამოქოქვა" გვინდა, რის შემდეგაც თანამშრომლები მაქსიმალურად დაგვჭირდება“,- განაცხადა მინიატურების სახელოსნოს „დრაკარი“ დამფუძნებელმა.

ლილი წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ დიორამების მიმართულებით კადრების დეფიციტია ბაზარზე. თუ ვინმემ იცის კეთება კი, თავისთვის აკეთებენ.

მისივე ინფორმაციით, გარდა დიორამებისა და ფუნქციურ-დეკორატიული სუვენირებისა, კომპანია ვიდეო ფროდაქშენის კუთხითაც ოპერირებს. შესაბამისად, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპანია ამ კუთხით განვითარებასაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები