მთაწმინდის პარკში მომხმარებელთა აქტივობა და დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პარკის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ია თარხან-მოურავის განცხადებით, უნიკალური ბარათით მოსარგებლე მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც პარკში თანხა დახარჯეს, 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.
როგორც მან BM.GE-სთან აღნიშნა, გასული წელი პარკისთვის წარმატებული იყო, რასაც მნიშვნელოვანწილად ახალი საბაგიროს სრულმასშტაბიანი ამოქმედება განაპირობებს.
"2025 წელი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პარკისთვის წარმატებული იყო. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი საბაგიროს გახსნამ შეიტანა, რომელიც 2024 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა და 2025 წლის სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობდა, რამაც კიდევ უფრო მეტად გააადვილა ჩვენთან ამოსვლა. ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ საბაგირომ, ტურისტების მაღალი ინტერესის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც უზარმაზარი დაინტერესება გამოიწვია”, - თქვა მან.
თარხან-მოურავის თქმით, საბაგირომ მაღალი ინტერესი გამოიწვია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში ვიზიტორების დაახლოებით 70% ტურისტია, ხოლო 30% - ადგილობრივი. ამასთან, გამოიკვეთა ახალი ტენდენციაც : ქართველები უფრო აქტიურად იყენებენ საბაგიროს, მაშინ როცა ფუნიკულიორი შედარებით მეტად ტურისტებზეა ორიენტირებული.
“მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელსაც სიმართლე გითხრათ არ ველოდით. ერთი არის ის, რომ რეალურად ქართველების მხრიდან უფრო მეტი დაინტერესება არის საბაგიროთი. ანუ ქართველები უფრო მეტად სარგებლობენ საბაგიროთი, ვიდრე ფუნიკულიორით, და პირიქით, ფუნიკულიორს უფრო მეტად ტვირთავს ტურისტი, ვიდრე ქართველი. შესაბამისად, აბალანსებენ ერთმანეთს”, - აცხადებს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
პარკში აღნიშნავენ, რომ სეზონის დაწყებამდე ყოველწლიურად ტარდება ინფრასტრუქტურული განახლება და ლანდშაფტური სამუშაოები. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელსაც განხორციელდა ატრაქციონების ტექნიკური შემოწმება და განახლება, ასევე იგეგმება ახალი გასართობი პროექტების დამატება, რომელიც მომავალ წლებში უნდა დაინერგოს.
თარხან-მოურავი ამბობს, რომ კვების მიმართულებით, პარკი უკვე მნიშვნელოვნად გაფართოვდა - საბაგიროს ზედა სადგურზე გახსნილმა "ფუდკორტმა" პარკს შვიდი ახალი ობიექტი შემატა, რაც სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, განვითარების შემდეგი ეტაპი გასართობი ატრაქციონების მიმართულებაა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებს, მისი თქმით, მთაწმინდის პარკი ტრადიციულად აქტიურია ღონისძიებების კუთხითაც. სეზონის განმავლობაში სტუმრებს ელოდება მრავალფეროვანი, მათ შორის უფასო ღონისძიებები. უკვე დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური აქტივობა - მათ შორის, 26 აპრილს თბილისის სათავგადასავლო გარბენი, ხოლო 18 მაისს ღვინის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება მასშტაბით.
როგორც პარკში აცხადებენ, 26 აპრილიდან ღონისძიებების სეზონი აქტიურად დაიწყება და 2026 წელს პროგრამა კიდევ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება.




























