ნატოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროპამ და კანადამ თავდაცვის ხარჯები 20%-ით გაზარდეს, მიუხედავად ალიანსში დანახარჯების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სხვაობისა.
როგორც გამოცემა Politico წერს, იმის ნიშნად, თუ როგორ უბიძგებს რუსული აგრესია და დონალდ ტრამპის მუქარა მოკავშირეებს, მეტი დახარჯონ საკუთარ თავდაცვაზე, ანალიზმა აჩვენა, რომ 2025 წელს ნატოს 32-ვე წევრმა თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვის ვალდებულება შეასრულა. ანგარიშში ასახული გასული წლის ხარჯები ნატოს შეფასებებს ეყრდნობა.
მთლიანმა თავდაცვის ხარჯებმა 1.4 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-იანი ზრდაა.
"ეს აჩვენებს, რომ ნატოს მოკავშირეები აცნობიერებენ ჩვენს შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს და ჩვენი კოლექტიური ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას. ველი, რომ მიმდინარე წლის ივლისში ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტი 2025 წლის მიღწევებს დაეყრდნობა. თვითკმაყოფილების ადგილი და დასაკარგი დრო არ გვაქვს", - წერს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ანგარიშში.
მიუხედავად ამისა, ანგარიშმა მოკავშირეებს შორის ხარჯების ფართო შეუსაბამობა გამოავლინა.
2025 წელს თავდაცვაზე მშპ-ს ყველაზე დაბალი წილი - 2% - ესპანეთმა, პორტუგალიამ, ალბანეთმა, ბელგიამ და კანადამ დახარჯეს.
პოლონეთს ალიანსში მშპ-სთან მიმართებით ყველაზე მაღალი ხარჯები ჰქონდა , რამაც 4.3%, ხოლო ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და დანიას - 3%-ზე მეტი:
- ლიეტუვა - 4.0%
- ლატვია - 3.74%
- ესტონეთი - 3.42%
- დანია - 3.34%
წლიურ ჭრილში, აბსოლუტურ რიცხვებში ხარჯები ყველაზე მეტად ლუქსემბურგმა, ბელგიამ და სლოვენიამ გაზარდეს, ხოლო უნგრეთში, ჩეხეთსა და აშშ-ში ხარჯები შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით, 2024-დან 2025 წლამდე ევროპამ და კანადამ თავდაცვის ხარჯები 19%-ით, 574 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს, ხოლო აშშ-ის დანახარჯები ოდნავ შემცირდა და 838 მილიარდი დოლარი შეადგინა. ნატოს მთლიან თავდაცვის ხარჯებში აშშ-ის წილი გასულ წელს 64%-დან 59%-მდე დაეცა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპისა და კანადის ხარჯები ძირითად აღჭურვილობაზე გასულ წელს 34%-ით გაიზარდა. თავდაცვის მთლიან ხარჯებთან მიმართებით, საბერძნეთმა ყველაზე მეტი დახარჯა პერსონალზე, ალბანეთმა - ინფრასტრუქტურაზე, ბელგიამ - ოპერაციებსა და ტექნიკურ მომსახურებაზე, ხოლო ლუქსემბურგმა - აღჭურვილობასა და კვლევებზე.
გასულ წელს, ტრამპის ზეწოლის შედეგად, ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებელს მშპ-ს 5%-მდე გაზრდიან.




























