საქსტატმა 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების რაოდენობამ 131,501 შეადგინა, ხოლო ემიგრანტების რაოდენობა 114,374 იყო. შესაბამისად, მიგრაციული სალდო იყო დადებითი და 17,127-ს შეადგენდა.
მიგრაციის სტატისტიკა მოიცავს ყველა ქვეყნის მოქალაქეს და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეთა მიხედვით, იმიგრაციამ შეადგინა 62,073, ხოლო ემიგრაციის რაოდენობა იყო 58,799, შესაბამისად, საქართველოში 3274 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა.
ამ მხრივ 2025 წელი ერთ-ერთი საგამონაკლისოა, რადგან საქსტატის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია იმიგრაციას უმეტესწილად აჭარბებს. მთლიანობაში 2015-2025 წლებში საქართველო 240,428-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. ყველაზე დიდი ემიგრაცია 2023 წელს იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციული ბალანსი მინუს 73,600 იყო.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში მიგრაციის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველოში აღირიცხა რუსეთის ფედერაციის 20,139 მოქალაქის იმიგრაცია და 19,226 ემიგრანტი, შესაბამისად, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციული სალდო იყო +913 ადამიანი, ანუ ქვეყანაში გრძელვადიანად მყოფი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 913-ით გაიზარდა. 2025 წელსვე საქართველოში აღირიცხა უკრაინის 6,937 მოქალაქის იმიგრაცია და 3,658 მოქალაქის ემიგრაცია, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში გრძელვადიანად მყოფი უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 3,279-ით გაიზარდა. გასულ წელსვე, საქართველოში აღირიცხა 5,685 ინდოეთის მოქალაქის იმიგრაცია და 4,456 პირის ემიგრაცია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გრძელვადიანად მყოფი ინდოეთის მოქალაქეების რიცხვი 1,229-ით გაიზარდა.
2026 წლის მიგრაციული სტატისტიკა დეტალურად:
| მოქალაქეობა | იმიგრანტი | ემიგრანტი | სხვაობა (მიგრაციული სალდო) |
| საქართველო | 62,073 | 58,799 | 3,274 |
| რუსეთის ფედერაცია | 20,139 | 19,226 | 913 |
| უკრაინა | 6,937 | 3,658 | 3,279 |
| ინდოეთი | 5,685 | 4,456 | 1,229 |
| თურქეთი | 5,341 | 3,328 | 2,013 |
| აზერბაიჯანი | 5,574 | 2,547 | 3,027 |
| ჩინეთი | 1,090 | 3,070 | -1,980 |
| ბელარუსი | 1,938 | 2,065 | -127 |
| ყაზახეთი | 2,362 | 1,232 | 1,130 |
| ისრაელი | 1,955 | 1,526 | 429 |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 1,696 | 1,357 | 339 |
| სხვა ქვეყნის მოქალაქე | 16,671 | 13,079 | 3,592 |
| მოქალაქეობის არმქონე პირი | 40 | 31 | 9 |
| სულ | 131,501 | 114,374 | 17,127 |
ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?
ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.
მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?
პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.
შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.




























