მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს ქვეყნის ეკონომიკაში აგროსექტორის წილი 5.9%-მდე შემცირდა - საქსტატი

ვაშლი

2025 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ვარდნა დაფიქსირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე ფასებში სექტორის ზომა 5.7%-ით 5.42 მილიარდ ლარამდე შემცირდა. შედეგად სოფლის მეურნეობა დარგების იმ მცირე სიაში მოხვდა, სადაც ზრდის ნაცვლად ვარდნა დაფიქსირდა, ხოლო მთლიანად ეკონომიკა გასულ წელს 7.5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის წილი 5.9% იყო და რეიტინგში ის მე-9 ადგილს იკავებდა. 2024 წელს აგროსექტორს ქვეყნის ეკონომიკაში 6.2%-იანი წილი ეკავა.

საქსტატი სოფლის მეურნეობის სექტორის შეფასებისას აღრიცხავს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორის პირველად წარმოებას - ეს მოიცავს პირუტყვის მოშენებას, პირველადი პროდუქციის - ხორბლის; ხილის; ყურძნის თუ სხვა პირველადი პროდუქციის მოყვანას, ხოლო ამ პროდუქციის გადამუშავების კომპონენტი უკვე დამმუშავებელ მრეწველობაში შედის. შესაბამისად, სასურსათო პროდუქციის წარმოება; ღვინის თუ ხორცპროდუქტების წარმოება უშუალოდ სოფლის მეურნეობის სექტორში არ შედის.

შესაბამისად, იმისთვის, რათა სტატისტიკურად აღირიცხოს უშუალოდ სოფლის მეურნეობის სექტორის მატება აუცილებელია პირველადი წარმოების მოცულობა და პირველადი პროდუქციის მწარმოებელთა ბრუნვის მაჩვენებლები გაიზარდოს.

სოფლის მეურნეობა უკვე არაერთი წელია სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დაფინანსებით გამოირჩევა. 2025 წელს სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროგრამების ჯამური ბიუჯეტი 667 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024 წელს 625 მილიონი ლარი იყო; 2021 წელს 601 მილიონი ლარი; 2022 წელს კი 661 მილიონი ლარი. უშუალოდ პროგრამებს შორის კი ყველაზე დიდი ბიუჯეტი 210 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას აქვს.

რამდენიმე დღის წინ Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა, სადაც ხაზგასმული იყო მცირემიწიანობისა და სექტორის დაბალი კორპორატიზაციით განპირობებული ვითარება რომ ქვეყანაში ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობა გაცულებით უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიო საშუალო და რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლები. საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონა; მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონაა; თურქეთშიც 3.4 ტონა; უკრაინაში 5.1 ტონა; ევროკავშირში კი 5.2 ტონა. ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა; უკრაინაში 20.5 ტონა; რუსეთში 29.8 ტონა; აზერბაიჯანში 31.1 ტონა; სომხეთში 35.6 ტონა; თურქეთში კი 42.3 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები