შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯამში 4 583 561 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 14.5%-იან ზრდაზე მიუთითებს.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირ დარღვევებს შორის ლიდერობს დგომა-გაჩერების წესების დარღვევა. უფრო კონკრეტულად – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ – მოთხოვნების უგულებელყოფა, ასევე სხვა შესაბამისი წესების დარღვევა. აღნიშნულ მუხლზე ჯამში 862 903 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა თბილისზე მოდის – 733 127. რეგიონებს შორის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება აჭარაში (30 322), იმერეთში (28 010), სამეგრელო–ზემო სვანეთში (27 582) და ქვემო ქართლში (13 307).
მეორე ყველაზე გავრცელებული დარღვევა მოიცავს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, მოძრაობის წესების და სხვა ტექნიკური მოთხოვნების უგულებელყოფას. ამ კატეგორიაში 429 506 შემთხვევა გამოვლინდა. აქაც თბილისი კვლავ ლიდერობს – 315 581 შემთხვევით, მას მოსდევს აჭარა (48 264), სამეგრელო–ზემო სვანეთი (13 596), ქვემო ქართლი (11 433) და კახეთი (10 390).
მნიშვნელოვანი რაოდენობით ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების არგავლილი ავტომობილების ექსპლუატაციაც. ამ ტიპის დარღვევებმა 258 744 შემთხვევა შეადგინა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (100 391), იმერეთში (29 354), აჭარაში (29 166), ქვემო ქართლში (26 598) და სამეგრელო–ზემო სვანეთში (20 095).
2025 წელს, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო 141 427 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამ მიმართულებითაც ლიდერობს თბილისი (30 543), შემდეგ მოდის ქვემო ქართლი (21 746), აჭარა (18 171), იმერეთი (14 888) და კახეთი (13 779).
რაც შეეხება განმეორებით დარღვევებს, როდესაც პირი 30 დღის განმავლობაში კვლავ არღვევს იგივე მუხლით გათვალისწინებულ წესს – ასეთი 89 537 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი მათგანი თბილისშია (33 867), შემდეგ აჭარაში (11 403), იმერეთში (9 967), ქვემო ქართლში (9 296) და სამეგრელო–ზემო სვანეთში (7 098).
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ან შემოწმებისთვის თავის არიდების ფაქტების რაოდენობაც დიდია – 11 605 შემთხვევა. ამ შემთხვევებშიც ლიდერობს თბილისი (4 274), შემდეგ აჭარა (1 498), იმერეთი (1 230), ქვემო ქართლი (1 178) და კახეთი (936).




























