"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი და ოპერატორია 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა როგორც კომპანიის შემოსავლები, ასევე მიღებული მოგება. 2025 წელს კომპანიის მოგება 17.5%-ით, 132.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც თანხობრივად 19.8 მილიონი ლარის მატებას წარმოადგენს.
საანგარიშგებო პერიოდში კომპანიის ჯამური საოპერაციო შემოსავალი 354.87 მლნ ლარიდან 414.48 მლნ ლარამდე გაიზარდა. შემოსავლების ეს ზრდა 59.61 მლნ ლარს (16.8%-ს) შეადგენს, რაც ძირითადად ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ტარიფისა და მოცულობების მატებით იყო განპირობებული.
დაკარგული ელექტროენერგიის თვითღირებულება: 43.17 მლნ ლარიდან 40.00 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც 3.17 მლნ ლარით (7.3%-ით) ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
ხელფასები და გასამრჯელოები: 62.44 მლნ ლარიდან გაიზარდა 66.30 მლნ ლარამდე, რაც 3.86 მლნ ლარის მატებაა (6.2%). ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა - 1783 ერთეულიდან 1616-მდე შემცირდა, რაც 167 დასაქმებულის გათავისუფლებას წარმოადგენს.
ცვეთა და ამორტიზაცია: შეადგინა 80.03 მლნ ლარი (2024 წელს — 76.62 მლნ ლარი, ზრდა 4.4%).
სავაჭრო მოთხოვნების გაუფასურების ზარალი: კომპანიამ მკვეთრად შეამცირა აღნიშნული დანაკარგები 12.37 მლნ ლარიდან 3.76 მლნ ლარამდე, რაც 8.61 მლნ ლარით (69.6%-ით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.
სახელმწიფო ელექტროსისტემამ ფინანსურ ანგარიშში მიუთითა, რომ 2025 წელს გადამცემი სისტემის განახლებისა და რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 101.30 მლნ ლარი მიმართა, საიდანაც 69.90 მლნ ლარი უშუალოდ სსე-ს საკუთარი შიდა სახსრებიდან გამოიყო.
აქტივები, კაპიტალი და ვალდებულებები
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სსე-ს კონსოლიდირებული ბალანსი შემდეგნაირად გამოიყურება:
მთლიანი აქტივები: გაიზარდა 7.1%-ით და შეადგინა 2.07 მილიარდი ლარი (2024 წელს — 1.94 მილიარდი ლარი). კომპანიის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები წლის ბოლოს 118.72 მლნ ლარს შეადგენდა.
საკუთარი კაპიტალი: მნიშვნელოვნად, 21.3%-ით გაიზარდა და 735.05 მლნ ლარიდან 891.96 მლნ ლარამდე ავიდა, რაც მეტწილად დაგროვილი დეფიციტის აღმოფხვრითა და გაუნაწილებელი მოგების 100.22 მლნ ლარამდე ზრდით არის განპირობებული.
მთლიანი ვალდებულებები: მცირედით, 1.5%-ით შემცირდა და 1.18 მილიარდი ლარი შეადგინა (2024 წელს — 1,206.04 მლნ ლარი). აქედან გრძელვადიანი სესხები და კრედიტები 532.69 მლნ ლარს უტოლდება.
კომპანიის მიერ გაწეულ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია არის წარმოდგენილი სემეკის 2025 წლის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა 2025 წელს 231 მილიონი ლარის ინვესტიციებს გეგმავდა, თუმცა ფაქტობრივად 46.8 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდა, რაც 9%-ის ათვისებას შეადგენს.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2026-2035 წლებში შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:
საერთაშორისო პროექტები (ტრანზიტი): თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის მიმართულებით ახალი და სარეაბილიტაციო ხაზების ჯამური სიგრძე ~200 კმ-ს შეადგენს (აქედან ახალციხე-თორთუმი 150 კმ, მარნეული-აირუმი 35.56 კმ, ქსანი-სტეფანწმინდა 13 კმ).
ახალი რეგიონული ჰაბები და კავშირები (ჰესებისთვის): რეგიონების (სვანეთი, რაჭა, კახეთი, გურია, აჭარა) შიდა ქსელში ჩასართავი ახალი ხაზების სიგრძე ~400 კმ-ია (მათ შორის: შუახევი-ახალციხე 96 კმ, ნენსკრა-მესტია 57 კმ, ნენსკრა-ჯვარი 47 კმ, ონი-ლაჯანური 50 კმ, გურჯაანი-თელავი 44.2 კმ, თელავი-ჟინვალი 63 კმ და სხვ.).
შიდა ქსელის (ქართლი, იმერეთი, თბილისი) გაძლიერება: მაგისტრალური ხაზების რეაბილიტაცია და გაორჯაჭვიანება ჯამში ~430 კმ-ს მოიცავს (მათ შორის: ეგხ „ქართლი 2“ — 164 კმ, ეგხ „იმერეთი“ — 128 კმ, ეგხ სურამი — 67 კმ, ეგხ ლიახვი — 56 კმ, ეგხ ნავთლუღი — 38 კმ, ეგხ არაგვი — 34 კმ და სხვ.).
სიმძლავრის მართვა და დაგროვება: კილომეტრაჟის გარეშე — მოიცავს ქ/ს „ქსანში“ 200 მგვტ/200 მგვტსთ ბატარეას და 100 მგვარ მაკომპენსირებელ მოწყობილობებს აღმოსავლეთ საქართველოში.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია: არსებული ქსელის წერტილოვანი განახლება და ხაზების ლოკალური რეაბილიტაცია (მათ შორის კავკასიონის ოპტიკური კაბელი — 36 კმ, ეგხ „ლია“ — 9.6 კმ, ეგხ „ლაჯანურჰესი“ — 4 კმ და სხვ.).




























