საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად მიუთითა თუ რომელი კომპანიების მიერ ხორციელდება საქართველოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ტრანზიტი.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან - აზერბაიჯანი-თურქეთის სატრანზიტო სერვისს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Globalparking Holdings Ltd ახორციელებს. წარსულში აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა კომპანია Elgreen Holding Incorporated-ი, რომელიც Globalparking Holdings Ltd-იმ ჩაანაცვლა. როგორც სებ-ში წარდგენილ დოკუმენტაციაში არის მითითებული, Elgreen Holding-ის მსგავსად Globalparking Holdings-ის აქციონერებს შორის ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი ფიქსირდება. თუმცა, აღნიშნულ დოკუმენტში აქციონერების სრული შემადგენლობა წარმოდგენილი არაა. სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის ლიცენზია აქვს კომპანია SKELBERRY WAY LTD -ის, რომელიც 2023 წელს დიდ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული. კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, მისი აქტივების მფლობელია ბიზნესმენი ილია კუტიძე. რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით კი ტრანზიტის ლიცენზიას ფლობს Lux Energy Trading-ი, რომელშიც 50.01%-ის წილს ფლობს რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao, ხოლო 49.99%-ის წილს ვახტანგ ამბოკაძე ფლობს, რომელიც 2019 წლის ჩათვლით ესკოს ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.
ელექტროენერგიის ტრანზიტის ლიცენზიები:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და კომპანია “Globalparking Holdings Ltd”-ს (ს/კ 2106050) შორის აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით 2025 წლის 25 მარტს გაფორმებული N65/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გაფორმდა 07/08/2025 წლის N121/25 დამატებითი შეთანხმება N5 და 02/09/2025 წლის N131/25 დამატებითი შეთანხმება N6.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და SKELBERRY WAY LTD შორის სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით გაფორმდა 12/08/2025 წლის N123/25 ტრანზიტის ტექნიკურ უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და “Skelberry Way” LTD - ს (რეგისტრირებული გაერთიანებულ სამეფოში ს/ნ 14571754) შორის სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით 2025 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული N123/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გაფორმდა 02/09/2025 წლის N130/25 დამატებითი შეთანხმება N1, 16/09/2025 წლის N133/25 დამატებითი შეთანხმება N2 და 31/10/2025 წლის N145/25 დამატებითი შეთანხმება N3.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ -სა და შპს “Lux Energy Trading”-ს (ს/კ 405336060) შორის რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით გაფორმდა 11/09/2025 წლის N132/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულება.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ -სა და შპს “Lux Energy Trading”-ს (ს/კ 405336060) შორის რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით 2025 წლის 11 სექტემბერს გაფორმებულ N132/25 ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების ხელშეკრულებაზე გაფორმდა 29/09/2025 წლის N134/25 დამატებითი შეთანხმება N1 და 31/10/2025 წლის N144/25 დამატებითი შეთანხმება N2.
ელექტროენერგიის ტრანზიტის სტატისტიკა
2025 წელს საქართველოზე ელექტროენერგიის ტრანზიტი 19%-ით, 871 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანზიტის კლებასთან, რადგან თუ 2024-ში ეს მაჩვენებელი 1 მილიარდი კილოვატ საათი იყო, 2025 წელს ის 594 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა.
უკანასკნელ წლებში ელექტროენერგიის ტრანზიტი პიკური იყო 2023 წელს და ის 3.4 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა.
2026 წლის პირველ ხუთ თვეში კი საქართველოზე ელექტროენერგიის ტრანზიტი საერთოდ არ დაფიქსირებულა.




























