საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე მშპ-ის 2.6%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 4.4% იყო.
მიმდინარე ანგარიშის ბალანსი წარმოადგენს ქვეყანაში შემომავალი სავალუტო ნაკადების - ექსპორტი; ტურიზმი; ფულადი გზავნილები; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სერვისების ექსპორტი, კრედიტების ჩამორიცხვა და სხვა ნაკადების ფარდობას გამსვლელ სავალუტო ნაკადებთან, როგორიცაა იმპორტი, სესხების მომსახურება და სხვა საგარეო ოპერაციები. იმის გამო, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ყოველწლიურად დეფიციტურია.
"2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 20.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.7 პროცენტით გაიზარდა.
2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.1 პროცენტით, 256.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1,038.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (2.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში 418.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.9 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მეოთხე კვარტალში 357.0 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.4 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -634.5 მლნ აშშ დოლარი (-1.7 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 18.4 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.1 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14.7 პროცენტით გაიზარდა და 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15.0 პროცენტით გაიზარდა 945.4 მლნ აშშ დოლარამდე (2.6 მლრდ ლარი).
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 374.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5 პროცენტია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.




























