მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს საქართველოში 1,258,006-მა პირმა ₾32.8 მილიარდის ხელფასები მიიღო

ფული

2025 წელს საქართველოში ხელფასების სახით სულ 32.8 მილიარდი ლარი გაიცა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. აღნიშნული ხელფასი მთლიანობაში 1,258,006-მა პირმა მიიღო, რომელთა შორისაც შედიან როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან დასაქმებული.

ხელფასების მოცულობა 2025 წელს 3.7 მილიარდი ლარით, ანუ 13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ხელფასის მიმღებთა რიცხვს, ის მხოლოდ 4,398-ით, ანუ 0.4%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ერთ ადამიანზე გაცემულ საშუალო ხელფასს, ის წლიურად 26,075 ლარს, ანუ თვეში 2,173 ლარს შეადგენდა (ამას აკლდება საშემოსავლო გადასახადი თვეში 435 ლარის ოდენობით), შესაბამისად საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი თვეში 1738 ლარი იყო. წლიურად ეს მაჩვენებელი 192 ლარით გაიზარდა.

ხელფასის მიმღებთა რიცხვის დაბალი ზრდა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს საქართველოდან რუსეთის მოქალაქეთა ემიგრაციასთან, რადგან ათასობით იმიგრანტმა ქვეყანა დატოვა და შესაბამისად მათი წილი მთლიან დასაქმებაში შემცირდა, თუმცა სანაცვლოდ გაიზარდა ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებლები.

ასევე, ქვეყანაში მიღებულ ₾32.8 მილიარდიან ხელფასებში არ შედის სხვადასხვა კატეგორიის შემოსავალი, რომელიც შემოსავლების სამსახურში არ არის რეგისტრირებული. მაგალითად რეპეტიტორთა მიღებული შემოსავლები, სახლის რემონტის კეთებით დაკავებული პირების შემოსავლები (დაურეგისტრირებელი), ასევე იმ ათასობით პირის შემოსავლები, რომლებიც საკვების მიტანის თუ ტაქსის გამოძახების ელექტრონული სისტემით არიან დასაქმებული.

მთლიანობაში 32.8 მილიარდი ლარის სახელფასო შემოსავლებიდან 6.6 მილიარდი ლარი ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით მიიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები