მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკაში რიცხვებით ჟონგლიორობას წერტილი უნდა დაესვას"|ნიკა ალავიძის ანალიზი

ნიკა ალავიძე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკა ალავიძის შეფასებით, მიმდინარე მაღალი ეკონომიკური ზრდა არა ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს, არამედ მოხმარებაზე დაფუძნებული, ე.წ. „ექსტრაქციული ეკონომიკის“ შედეგია.

მისი განცხადებით, 2026 წლის 7 თვეში დაფიქსირებული 7.9%-იანი ზრდა ისევ საგარეო ფაქტორებს ეყრდნობა და ინერციით მიმდინარეობს, თუმცა ამ ინერციის მილევის ნიშნები უკვე მკაფიოდ ჩანს.

ამ თემებზე ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და საკუთარ ანალიტიკურ ბლოგში ვრცლად ისაუბრა.

მისი შეფასებით, ეკონომიკის ზრდის „დრაივერი“ არა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არამედ გაზრდილი მოხმარებაა, რაც ქვეყნის მომავალ რესურსს ამცირებს.

"ჩვენ ვხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გამოვიმუშავებთ... მარტივად რომ ვთქვათ, პურს ვაცხობთ იმ ხორბლით, რომელიც არის სათესლე მარცვალი. ეს არის ექსტრაქციული ეკონომიკა, კლასიკური გაგებით - მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც ემსახურება ერთეულებსა და მცირე ჯგუფებს ფართო მასების ხარჯზე", - აცხადებს ალავიძე.

მისივე განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მხოლოდ დამატებულ ღირებულებას ზომავს და არ აჩვენებს, რამდენად თანაბრად გადანაწილდა დოვლათი ან რამდენი ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნა. მაგალითად, როდესაც ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, მოხმარება 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი კაპიტალის ფორმირება - ის ნაწილი, რომელიც ხვალინდელ სიმძლავრეს ქმნის - 5.5%-ით შემცირდა.

ნიკა ალავიძე „არითმეტიკულ ჟონგლიორობას“ უწოდებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საშემოსავლო გადასახადის ზრდა მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი ინდიკატორია.

„მინისტრის მოადგილის განცხადებაში არითმეტიკული სიზუსტე ნამდვილადაა - რა თქმა უნდა, რაღაცის 20% კონკრეტულ რიცხვს უდრის, თუმცა ჩვენ ხომ სასკოლო მათემატიკის ოლიმპიადაზე არ ვსაუბრობთ? ეს მეცხრე-მეათე კლასის სახელმძღვანელოს ელემენტარული არითმეტიკული ამოცანაა და არ არის ის, რისი მოსმენაც პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მოქალაქისთვის იქნებოდა მისაღები...შესაბამისად, ის, რასაც ამ არითმეტიკულ ამოცანაში გვეუბნებიან, რეალური ციფრია, თუმცა ეს რეალური ციფრი დამახინჯებული სახითაა მოწოდებული - რეალური ფაქტების გადასაფარად", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ნიკა განმარტებით, გაზრდილი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუროკრატიულ აპარატზე მოდის, ხოლო მოსახლეობის რეალურ მსყიდველობით უნარს 5.6%-მდე დაჩქარებული ინფლაცია შთანთქავს.

საკუთარ ანალიზში ნიკა ალავიძე გამოყოფს რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რაც ეკონომიკური ინერციის ამოწურვაზე მიუთითებს:

მშპ vs დასაქმება: მშპ დასაქმებაზე თითქმის სამჯერ სწრაფად იზრდება (9.0% და 3.7%);

მაღალი ინფლაცია: 5.6%-იანი ინფლაციის ფონზე, ყოველდღიური ხარჯები მკვეთრადაა გაზრდილი — ტრანსპორტი (15.2%), საკვები (5.0%), კომუნალური (8.5%);

ძვირი სესხები: ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა;

შემცირებული FDI: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის პირველ ნახევარში 22%-ით შემცირდა;

ბიუჯეტის პრიორიტეტები: კაპიტალური ხარჯები 565 მილიონით შემცირდა, ხოლო სახელფასო ფონდი (385 მლნ) და სოციალური დაცვა (849 მლნ) გაიზარდა;

გაზრდილი ვალი: სახელმწიფო ვალი 38.2 მილიარდ ლარს (მშპ-ის 33.5%-ს) მიაღწევს და მხოლოდ წლიური მატება 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

ნიკა ალავიძე ყურადღებას ამახვილებს საგარეო ნაკადების ასიმეტრიაზეც. იანვარ-ივლისში ფულადი გზავნილები 9.9%-ით გაიზარდა, რაც მოხმარებას კვებავს, თუმცა ის ნაკადები, რომლებიც ქვეყნის სიმძლავრესა და მომავალს ქმნის (FDI), უწყვეტად მცირდება.

„რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური ინერცია მანამ გაქრება, სანამ მას ახალი, ჩვენგან დამოუკიდებელი ჯანსაღი საფუძველი ჩაანაცვლებს,“ - ასკვნის ეკონომისტი, რომლის თქმითაც, "ეკონომიკაში რიცხვებით ჟონგლიორობას წერტილი უნდა დაესვას".

"ინერციის ეკონომიკა" - ნიკა ალავიძის ბლოგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები