2025 წელს საქართველოში შემოსავლის მიღება 1,865,838 პირს დაუფიქსირდა - ეს მოიცავს ხელფასებს, ინდმეწარმეთა დეკლარირებულ შემოსავლებს, მოგებას, დივიდენდებს, პროცენტს, იჯარის შემოსავლებს და სხვა ყველა შემოსავალს, რომელთა აღრიცხვაც ოფიციალურად მოხდა.
მთლიანობაში, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყანაში 40.3 მილიარდი ლარის შემოსავლების გაცემა მოხდა, ეს თანხა 2024 წელთან შედარებით 12.6%-ით მეტი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ ხელფასებს, 2025 წელს ქვეყანაში სულ 32.8 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა, რაც 2024 წელთან შედარებით 3.8 მილიარდი ლარით გაიზარდა გაცემული ხელფასების მოცულობა, რაც 13%-იან ზრდას წარმოადგენს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული ანაზღაურება 1,258,466-მა პირმა მიიღო. ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასს გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში 1,258,466 ადამიანი იღებდა, არამედ ეს არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში მაინც მიიღეს ანაზღაურება. რაც შეეხება საშუალო ყოველთვიურ მაჩვენებლებს, ის გასულ წელს 989,427 ადამიანს შეადგენდა. უფრო დეტალურად, ყველაზე ნაკლებმა - 893,646-მა ადამიანმა ანაზღაურება 2025 წლის იანვარში მიიღო, ყველაზე მეტმა - 1,034,475-მა ადამიანმა ანაზღაურება 2025 წლის დეკემბერში მიიღო. შესაბამისად, ამ 1,258,466 ადამიანიდან ვისაც გასულ წელს ერთი თვის განმავლობაში მაინც დაუფიქსირდა შემოსავლის მიღება, ძირითადი ნაწილი სრული წლის განმავლობაში იყო დასაქმებული, ხოლო 364,820 პირი კი სეზონურად იყო დასაქმებული, ეს ნიშნავს რომ თუკი დანარჩენ პირებს ხელფასი ყოველთვიურად ჰქონდათ, ეს 364,820 პირი შემოსავალს ეპიზოდურად იღებდა. ამ რიცხვების ერთმანეთზე დადარების და იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანობაში ხელფასის მიღება გასულ წელს 1,258,466 ადამიანს დაუფიქსირდა, საშუალოდ ეპიზოდური დასაქმების მოცულობა 3.1 თვეს შეადგენდა 364,820 პირისთვის, ხოლო დანარჩენი დასაქმებულები კი სრული წლის განმავლობაში იღებდნენ ანაზღაურებას.
ამასთან, ხელფასების სახით გაცემული 32.8 მილიარდი ლარი არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ 32,8 მილიარდი ლარი მიიღო, რადგან ამ თანხას აკლდება 6.6 მილიარდი ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადი შესაბამისად, მოსახლეობამ დარიცხული 32.8 მილიარდი ლარის ხელფასებიდან 26.3 მილიარდი ლარის ხელფასები აიღო.
რაც შეეხება უშუალოდ ხელფასებს - 2025 წელს საქართველოში გაცემულმა საშუალო ხელფასმა თვეში 2271 ლარს მიაღწია, ეს საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით თვეში 1817 ლარს შეადგენს. თუმცა, საშუალო ხელფასი არის საშუალო არითმატიკულის მეშვეობით გამოთვლილი ანაზღაურება, უფრო რეალური სურათის დასანახად გამოიყენება მედიანური ხელფასის სტატისტიკა. მედიანური ხელფასი წარმოადგენს იმ ხელფასს, რომელსაც იღებს დასაქმებული, რომლის მიერ მიღებული ანაზღაურება აღემატება ხელფასის მიმღებთა 50%-ს და ჩამოუვარდება ხელფასის მიმღებთა 50%-ს. ანუ ეს არის ხელფასი, რომელსაც საშუალო დასაქმებული იღებს. მედიანურ ხელფასს ითვლის საქსტატი და მისი გადათვლა წელიწადში ერთხელ ხდება. აღნიშნულის ოფიციალური სტატისტიკა 2025 წლისთვის საქსტატს ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული, თუმცა 2024 წელს მედიანური ხელფასი 1332 ლარს შეადგენდა. თუკი მედიანური ხელფასი გასულ წელს საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად გაიზრდებოდა, მაშინ ის 1534 ლარს მიაღწევდა, თუმცა შესაბამისი ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.
რამდენ ადამიანს აქვს თვეში 1000 ლარზე ნაკლები ანაზღაურება
იმისთვის რათა დასაქმებულმა ხელზე 1000 ლარის ანაზღაურება აიღოს, დამსაქმებელმა მას თვეში 1250 ლარი უნდა გადაუხადოს, რადგან საშემოსავლო დასახადი 250 ლარს შეადგენს.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, იმ ადამიანებს, ვისაც 2016 წელს დაუფიქსირდათ 83%-ს 1250 ლარზე, ანუ ხელზე 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა და 2025 წელს 47% შეადგინა.




























