გასული წლის მონაცემებით, საქართველოში მწვრთნელის პროფესიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ „პირველი ფიტნეს აკადემიის“ დამფუძნებელმა ვალიტა გორელჩანიკმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნა ფიტნეს ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდება.
"მოთხოვნა გაიზარდა და ასევე [აკადემიაში] რამდენიმე საინტერესო მიმართულება დაგვემატა, შესაბამისად ინტერესი ძალიან დიდია. განსაკუთრებით, აქტუალურია პილატესი, რომელიც საქართველოში უკვე ძალიან პოპულარულია და ამ მიმართულების შესწავლაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია“, – აცხადებს ვალიტა გორელჩანიკი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიტნესის კლასიკურ მიმართულებებზე მოთხოვნა შენარჩუნებულია, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ჯგუფურ ვარჯიშებსაც.
"მომხმარებელში ძალიან პოპულარული გახდა პილატესი, ამასთან, პარალელურად იზრდება ინტერესი ჯგუფური ვარჯიშების მიმართ, რაც სექტორის განვითარებისთვის ძალიან სასიხარულოა", – აღნიშნავს ის.
გორელჩანიკის განცხადებით, „პირველი ფიტნეს აკადემია“ ხარისხზეა ორიენტირებული და მუშაობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანს ხდის.
„ჩვენთვის ხარისხის ნიშა ევროპული სტანდარტებია. მწვრთნელმა სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიაროს კვალიფიკაციის მისაღებად. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი სერტიფიკატით ადამიანმა საზღვარგარეთაც შეძლოს დასაქმება და მის კვალიფიკაციაზე კითხვები არ გაჩნდეს“, – ამბობს გორელჩანიკი.
ამასთან, ფიტნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კადრების დეფიციტი რჩება. მისი თქმით, ბაზარზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, თუმცა კვალიფიციური კადრების მომზადება ამ ტემპს ვერ ასწრებს.
"დღეს ბევრი ახალი დარბაზი იხსნება და კადრების დროულად გადამზადება ვერ ესწრება მოთხოვნას. ზოგჯერ კომპანიებს უწევთ კომპრომისზე წასვლა და დამწყები მწვრთნელების აყვანა, რომლებიც კვალიფიკაციით ვერ ამართლებენ", – განმარტავს „პირველი ფიტნეს აკადემიის“ დამფუძნებელი.
ვალიტა გორელჩანიკი მომხმარებლებს ურჩევს, პერსონალური მწვრთნელის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება სერტიფიკატებსა და განათლების ხარისხს მიაქციონ.
„მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება და სერტიფიკატის მოთხოვნა – სად აქვს მწვრთნელს ნასწავლი და რამდენი საათის განმავლობაში. 20–30 საათში ადამიანი პროფესიას ვერ აითვისებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი აკადემია მსგავს კურსებს ევროპული კვალიფიკაციის სახელით სთავაზობს მსმენელებს“, – აცხადებს გორელჩანიკი.




























