მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს Schuchmann Wines Chateau-ს საშუალო დატვირთვა 75% იყო - როგორია შემოსავლები?

Schuchmann Wines Chateau Villa & SPA

2025 წელს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს საშუალო დატვირთვა 75% იყო, სტუმრების გეოგრაფია კი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

კახეთში მოქმედი სასტუმროს გასული წლის შედეგებზე, მმართველი კომპანია „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიზნესის შემოსავლები სტაბილურია, თუმცა არ იზრდება.

2025 წლის ჭრილში საშუალოდ 75%-იანი დატვირთვა გვქონდა. 2023-25 წლებში შემოსავლები სტაბილურად გვაქვს, ზრდა არ გვქონია. ანუ ამ შემთხვევაში სტაბილურ ნიშნულზე ვართ, იმიტომ, რომ ბიზნესი დივერსიფიცირებული გვაქვს ღვინის წარმოების, ღვინის ველნესისა და გასტრონომიის მიმართულებით, რაც ერთიანი შედეგის მიღწევაში გვეხმარება“, - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.

„შუხმან ჯგუფის“ გენარალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ვიზიტორების მოსაზიდად ბაზრების დივერსიფიცირება სჭირდება, რათა უფრო მეტი ქვეყნიდან შემოვიდეს ტურისტი.

ძალიან საინტერესოა ის, რომ ძალიან გაიზარდა ინდოეთიდან და ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა, რომელთა დანახარჯები როგორც ადგილობრივს, ასევე თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების ხარჯებს აღემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ მსყიდველობითუნარიანი ტურისტმა მოიმატა საქართველოში. ეს, რასაკვირველია, განპირობებული იყო სხვადასხვა აქტივობით - ჩვენ დაგვენიშნა ახალი, საერთაშორისო პირდაპირი ფრენები, რაც პირდაპირ ახალისებს ტურიზმს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება სჭირდება. გლობალური ტურბულენციის პერიოდში, ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს ალტერნატიული ბაზრები, კიდევ უფრო მეტი მიმართულებაა ასათვისებელი და ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებითაც სამუშაოა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ.

ამასთან, მინდა გამოვყო ადგილობრივი ტურისტების მატება, რომელიც პანდემიის შემდგომ პროცესებიდან დაფიქსირდა. ეს პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია, რადგან ადგილობრივი ტურიზმი ნებისმიერი სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ვისურვებდით მეტ სტუმარს, მეტ ბაზრებს...“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები