Galt & Taggart-ის ინფორმაციით, III კვარტალში თბილისსა და ბათუმში სასტუმროებში განთავსება გაძვირდა. თბილისში ნომრის საშუალო დღიური ფასი წლიურად 7 დოლარით, ხოლო ბათუმში 16 დოლარით არის გაზრდილი.
საინვესტიციო ბანკის ტურიზმის შეჯამება აჩვენებს, რომ 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რითაც ივნისში დაწყებული აღდგენის ტენდენცია გაგრძელდა. ორივე ქალაქში დატვირთულობა გაიზარდა, ხოლო ნომრის საშუალო დღიური ფასის (ADR) ზრდა უფრო ძლიერი ბათუმში იყო.
კერძოდ, თბილისში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 2025 წლის III კვარტალის 75%-დან 79%-მდე, ხოლო ნომრის საშუალო დღიური ფასი (ADR) 87 აშშ დოლარიდან 94 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმში დატვირთულობა 82%-დან 84%-მდე, ხოლო ADR — 119 აშშ დოლარიდან 135 აშშ დოლარამდე არის გაზრდილი.
მათივე ცნობით, Airbnb-ის მოთხოვნაც გაზრდილია: დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა თბილისში წლიურად 16%-ით, 354 ათასამდე, ხოლო ბათუმში 12%-ით, 174 ათასამდე გაიზარდა. თბილისში ADR 2025 წლის III კვარტალის 45 აშშ დოლარიდან 47 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ბათუმში კი უცვლელი დარჩა და 48 აშშ დოლარი შეადგინა.
























