მომავალ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტიდან 103,3 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია აღნიშნული.
2022 წელს ამოქმედებული პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ამჯერად, მისი ბიუჯეტი 2024 წლის გეგმასთან შედარებით, მცირედით, 600 ათასი ლარით იზრდება.
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ხორციელდება და მასში ჩართული მოქალაქეების ხელფასი 300 ლარია. ის პირები, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან, 4 წლის განმავლობაში არ კარგავენ სოციალურად დაუცველის სტატუსს. დასაქმებულები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით.
2023 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ჯანდაცვის სამინისტროს 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით კი, საზოგადოებრივ სამუშაოებზე აქტიური ხელშეკრულება 30 278 სოციალურად დაუცველს ჰქონდა.