მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს თბილისში $3.5 მილიარდის ბინები გაიყიდა - როგორ შეიცვალა მ² ფასი?

ბინები

2025 წელს თბილისში $3.5 მილიარდის ღირებულების 42 388 ბინა გაიყიდა. 2024 წელთან შედარებით, ჯამურად ბაზრის ზომა 12.6%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, პირველადი ბაზარზე $1.783 მლრდ-ის 21 000 ბინა, მეორადზე კი $1.788 მილიარდის ღირებულების 21 400 ბინა გაიყიდა.

Galt & Taggart-ის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების ფასები როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე გაიზარდა და მ²-ის საშუალო ღირებულება $1 373 შეადგინა. დედაქალაქში უძრავი ქონება ყველაზე ძვირდ გასულ წელს მთაწმინდაზე, ვაკესა და ჩუღურეთში იყიდებოდა.

„2025 წლის 9 თვის განმავლობაში პირველად ბაზარზე ფასის ზრდის ტემპი დაბალი იყო (0.2% თვიურად), თუმცა მოთხოვნის აღდგენისა და გაცემული ნებართვების შემცირების ფონზე, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ზრდა თვიურ 0.7%-მდე დაჩქარდა. შესაბამისად, პირველად ბაზარზე საშუალო ფასი წლიურად 4.0%-ით გაიზარდა, რაც ზრდის ტემპის დასტაბილურების ნიშანია 2024 (+11.6% წ/წ) და 2023 (+20.2% წ/წ) წლებთან შედარებით. 2025 წლის დეკემბერში მეორად ბაზარზე (2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებული ახალი შენობების) საშუალო ფასი წლიურად 7.9%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ 2025 წელს, გაზრდილმა კონკურენციამ ფასის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვია და დეველოპერებს შიდა განვადების სქემების მაქსიმალურად დახვეწისკენ უბიძგა.

საინვესტიციო ბანკი 2026 წელს ბინების ფასები ერთნიშნა ზრდას პროგნოზირებს.

„2026 წელს, ჩვენი მოლოდინია, რომ მოთხოვნა 2025 წლის დონესთან ახლოს შენარჩუნდება, რასაც ხელს შეუწყობს ფუნდამენტური ფაქტორები - ურბანიზაცია, ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ქირის მაღალი ამონაგები. ჩვენი მოლოდინით, უძრავი ქონების ფასებზე ერთნიშნა ზრდა გაგრძელდება და მეტწილად დამოკიდებული იქნება მიწოდების მხარეს ცვლილებებზე. დაგეგმილი მსხვილი პროექტების გაყიდვების დაწყებამ და გაცემული ნებართვების მოცულობის მაღალ დონეზე შენარჩუნებამ შესაძლოა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები გაზარდოს და ფასის ზრდა გაართულოს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები